თამაზ შოშიაშვილმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

დედაქალაქის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თამაზ შოშიაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი წინასაარჩევნო დაპირებებს არ შეესაბამება.
“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, დავით ნარმანიასა და “ქართული ოცნების“ პოსტსაარჩევნო დაპირებები – თავიდანვე ნათელი იყო, რომ ამ ადამიანების საკუთარი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო და ზერელე დამოკიდებულების გამო მათი დაპირებების უმრავლესობა მხოლოდ ქაღალდზე დარჩებოდა, ხოლო მოსახლეობა – მოტყუებული. თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ფაქტმა, რომ დავით ნარმანიას მიერ 14 ნოემბერს წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ითვალისწინებს თუნდაც მის მიერ 11 ნოემბერს (3 დღით ადრე) დასახელებულ პროგრამებს, ამასთან წარმოდგენილ პროექტში გასული წლების ციფრები გაყალბებულია (სავარაუდოდ საკუთარი მიღწევების უფრო “თვალსაჩინოდ“ წარმოსადგენად). ამ საკითხებზე დეტალურ ინფრომაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით. ამჯერად ყურადღება გვინდა შევაჩეროთ დავით ნარმანიას მხოლოდ რამდენიმე სოციალურად მავნე გადაწყვეტილებაზე. 1. კომუნალური ვაუჩერი – “ჩვენ მაღალ კომუნალურ გადასახადებს შევამცირებთ“ – თავს იწონებდა ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასთან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. კომუნალური გადასახადები ვერ შეამცირეს, სამაგიეროდ ანახევრებენ კომუნალურ ვაუჩერს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენდა. კომუნალური ვაუჩერი, რომელიც 100 ლარის (20 ლარი ერთ თვეში) ოდენობით ერიცხებოდა თბილისში მაცხოვრებელ ყველა ოჯახს, მომავალი წლიდან განახევრდება და მხოლოდ 50 ლარი (10 ლარი ერთ თვეში) იქნება. 70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისთვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდის საფარქვეშ, დავით ნარმანია უარს ამბობს იზრუნოს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 0000-ზე მეტია (ასეთი თბილისში 56 656 ოჯახია ანუ 180 109 ადამიანი) ან საერთოდ არ გააჩნიათ სარეიტინგო ქულა. აღნიშნული აბსოლუტურად გაუაზრებელი, მავნებლური დამოკიდებულებაა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რაც განსაკუთრებით მიუღებელია დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. 2. შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობაზე – “ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნაზე, პედაგოგებს, სტუდენტებს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასოდ ემგზავრა მუნიციპალური ტრანსპორტით, 11 ნოემბერს დავით ნარმანიამ გაავრცელა ცრუ განცხადება, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებს ტრანსპორტით სარგებლობისას არ ჰქონდათ შეღავათები და დაპირდა მათ ამ შეღავათების “დაწესებას“. 12 ნოემბერს კი საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა, ახარა ბაგა-ბაღების დირექტორებს, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები, იმისათვის, რომ ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა უფასოდ იმგზავრონ. სამწუხაროდ, საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის 11-12 ნოემბერს მიცემული სიტყვა, “ქართულმა ოცნებამ“ 14 ნოემბერს გატეხა და ისინი მოატყუა. არც უფასო მგზავრობა და არც რაიმე შეღავათი მათთვის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. თუმცა გადაჭარბებით შეასრულა დაპირება დავით ნარმანიამ ე.წ. პოლიტპატიმრების მიმართ და მათ ნაცვლად 11 ნოემბერს დაპირებული 20 თეთრიანი ტარიფისა, მომავალ წელს უფასოდ შეეძლებათ იმგზავრონ. ნათელია, რომ დავით ნარმანიას უჭირს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურად რეაგირება და შესაბამისად, რა თქმა უნდა ძალაში რჩება ჩვენი მოთხოვნა პედაგოგების, სტუდენტების, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობისთვის უფასო მგზავრობის შემოღების შესახებ. 3. 10 ლარიანი საპენსიო დანამატი -საერთოდ უპასუხოდ ტოვებს დავით ნარმანია ჩვენ მოთხოვნას თბილისში მაცხოვრებელ ასაკით პენსიონერებს დაუწესოს ყოველთვიური 10 ლარიანი საპენსიო დანამატი. ჩვენ ვუყურებთ ცენტრალური ხელისუფლების უსუსურობას, რომელიც ერთის მხრივ, აღირებს პენსიის გაზრდის ობიექტურ აუცილებლობას, მეორე მხრივ კი ამას ვერ ახერხებს სექტემბრამდე. თუმცა არც სექტემბრიდან პენსიის ზრდაა ჯერჯერობით სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული. ამ ფონზე ამ პროგრამის განხორციელება მცირე შეღავათი მაინც იქნება თბილისში მაცხოვრებელი პენსიონერებისათვის, რომელთა ხარჯები სხვა რეგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებთან შედარებით უფრო დიდია. ჯამში მომავალ წელს თბილისელების სოციალური დაცვის მიმართულებით 6 605 300 ლარით ნაკლები დაიხარჯება ვიდრე ეს წელს იყო’’,- აღნიშნა საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა თამაზ შოშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები