საგარეო უწყება კიევში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს 18 თებერვალს საქართველოს მოქალაქე ზურაბ ხურციას გარდაცვალების ფაქტს და ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ზურაბ ხურციას საქართველოში გადმოსვენების პროცედურების მოგვარებაზე მუშაობს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მომენტისათვის ზურაბ ხურცია იმყოფებოდა ქ. კიევის ცენტრში, მაიდანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციასა და სამთავრობო სპეცდანიშნულების ძალებს შორის მოხდა შეტაკებები (ინსტიტუცკაიას ქუჩაზე, მეტრო ხრესჩატიკის ერთ-ერთ გამოსასვლელთან). უკრაინაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, გარდაცვლილის ძმასთან – მერაბ ხურციასთან შეთანხმებით, მუშაობს გარდაცვლილი ზურაბ ხურციას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ოფიციალური პროცედურების მოგვარების საკითხზე. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ მომენტისათვის ჩვენთვის უცნობია და ცნობილი გახდება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის საკონსულო სამსახურს ინფორმაცია სხვა დაზარალებული საქართველოს მოქალაქის შესახებ ამ ეტაპზე არ მიუღია. უწყება კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოვლენების ეპიცენტრიდან მორიდებას ურჩევს. „ამ დროისათვის ქ. კიევის ცენტრში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ მოვლენების ეპიცენტრს. აქვე გაცნობებთ, რომ ქ. კიევში განთავსებულ საქართველოს საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი. საკონტაქტო ნომრებია: +38 093 919 60 80; +38 093 302 48 48; +38 093 023 27 76. ასევე, ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში – 10:00-დან 18:30 საათამდე შემდეგ ნომერზე: 294 50 50; სამუშაო დღეების განმავლობაში 18:30 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში შემდეგ ნომერზე: 577 98 40 20“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები