ნოდარ ხადური საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საერთაშორისო სავაჭრო პალატაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ დიალოგს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესისთვის აქტუალური თემები, მათ შორის, ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, რათა ურთიერთობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ემყარებოდეს პარტნიორობის პრინციპებს.
„ჩვენ ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. შევთანხმდით, რომ უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ბიზნესთან, რათა ქვეყანაში ბიზნეს გარემო გახდეს კიდევ უფრო უკეთესი. მთავარია, რომ ბიზნესმა გადალახა ის ბარიერი, რაც წინა პერიოდში ჰქონდა და დღეს ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა უნდა წარმოებდეს ღია კარის პრინციპიდან გამომდინარე. შეხვედრაზე დასმული პრობლემების სიღრმისეული ანალიზისთვის, ჩვენ სამუშაო გარემოში დაგვჭირდება მუშაობა. მიმაჩნია, რომ ასეთი ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რათა ქვეყანაში არ გაუარესდეს ბიზნეს გარემო,“ – აღნიშნა საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ
„მიხარია, რომ შეხვედრაზე გადამხდელებს საშუალება ჰქონდათ სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ესაუბრათ. ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის უნდა ჩამოყალიბდეს მჭიდრო ურთიერთობა, რათა სახელმწიფომ სწორად დაიცვას გადამხდელების ინტერესები ქვეყნის განვითარების გზაზე. ერთის მხრივ, ქვეყანაში სოციალური და კაპიტალური ხარჯების გაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი გადამხდელი სრულად გადაიხდის მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მეორეს მხრივ, სახელწმიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გადამხდელმა კომფორტულად იგრძნოს თავი,“ – განაცხადა სსფ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა.
მიმდინარე წელს ფინანსთა მინისტრი უკვე შეხვდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრა გაიმართა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან, ასევე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან.