„გარემოს დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“

გაზაფხულზე დავიწყეთ კამპანია ,,მწვანე მომავალი“, რომელსაც უამრავი ადამიანი უკვე შემოუერთდა, იმედი მაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება და ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანდება,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამწვანების აქციაში მონაწილეობის დროს განაცხადა.
რუსთავში, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში 200 ძირი პავლონიას ჯიშის ხის ნერგი დაირგო. ღონისძიებაში, პრემიერ–მინისტრთან ერთად, რუსთავის მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, გარემოს დაცვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
“იცით, რომ წლების განმავლობაში ტყე უკონტროლოდ იჩეხებოდა, იჭრებოდა და გადიოდა ქვეყნიდან. ეს ქვეყნისთვის, ჩვენი ეკოლოგიისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. ამ მიზანს ემსახურება აქცია „მწვანე მომავალი“. ამასთან, ჩვენ დავიწყეთ 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენა“, –აღნიშნა პრემიერმა. მისივე განმარტებით, გამწვანების ღონისძიებასთან ერთად საქართველოს მთავრობა ნარჩენების მართვის მასშტაბურ კამპანიას იწყებს.
„ერთი მხრივ, გარემოზე ზრუნვა და, მეორე მხრივ, მისი გაფრთხილება უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. მე დავალება მივეცი გუბერნატორებს, რომ მაქსიმალური მობილიზება გაუკეთონ დასუფთავების აქციას. ასევე ეთხოვა თვითმმართველ ერთეულებს, რომ ჩაერთონ დასუფთავების აქციაში. საქართველო უნდა გაიწმინდოს ნაგვის ნარჩენებისგან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარლამენტში უკვე შევიდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, ჩვენ გავამკაცრებთ კანონებს და გავზრდით ადმინისტრაციულ ჯარიმებს. საქართველოში ნაგვის დაყრა სამარცხვინო უნდა გახდეს “, –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აქცია „მწვანე მომავალი“ მიმდინარე წლის მარტიდან ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში გზაფხულზე, საქართველოს მასშტაბით 300 000–მდე სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო. გამწვანების აქცია აქტიურად გრძელდება შემოდგომაზეც. პროექტის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტს 3 500 ნერგი გადაეცემა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი“, სატელეფონო ნომრით: 153. „ცხელ ხაზზე“ დარეკვა და გამწვანების აქციაში– „მწვანე მომავალი“ ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები