გიგი უგულავა ირაკლი ალასანიას და “თავისუფალ დემოკრატებს” მიმართავს

 

     თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ირაკლი ალასანიას და “თავისუფალ დემოკრატებს” მიმართავს. განცხადება უგულავას ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. “მინდა მივმართო ირაკლი ალასანიას და „თავისუფალ დემოკრატებს“ – მეგობრებო, ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით წარსულის შეფასებებში, ვერც შევჯერდებით ამა თუ იმ ლიდერის მოღვაწეობაზე. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნის იმ მიღწევებით, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ქართველმა ხალხმა გვარგუნა წილად. ჩვენ შევეცდებით შეცდომების გათვალისწინებას და საუკეთესო გამოცდილების, ქვეყნის მომავლის შენებაში გამოყენებას. ამ იდეალების ერთგულების გამო ჩვენ შეგნებულად ციხეში წავედით, ნაწილი კი პოლიტ დევნილია უცხოეთში. თქვენთვის ეს ყოველთვის ყბადაღებულ „ცხრა წელიწადად“ დარჩება, ჩვენთვის პირიქით, ყოველთვის სამარცხვინო იქნება თქვენი საქმიანობის ის ორი წელიწადი, როცა ოლიგარქ ივანიშვილის სიძულვილის ენისა და პოლიტიკური შურისძიების ლამაზ ფასადს წარმოადგენდით. სდუმდით ყველა უკანონობაზე, მანამ სანამ ის თავად თქვენ ორლესული მახვილით არ შეგეხოთ. ამავე დროს დარწმუნებული ვარ თქვენ ამაყობთ და მუდამ იამაყებთ, განვლილი ორი წელიწადით და მიღწეული წარმატებით. ამიტომ როგორც ძველ მეგობარს და ერთ დროს კონკურენტს გთავაზობთ, ნუ ვიდავებთ წარსულზე, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით რადგან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის. ცალსახად ვხედავთ რომ წყალში იყრება დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების გზაზე მთავარი მონაპოვარი. საქართველოს მოქალაქეების ევროპული არჩევანი. დღეს სწორედ რომ ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესშია დაქსაქსოს ევროპული საქართველოს იდეის ერთგული პარტიები და ისინი სუსტ უტოპისტებად წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე. ცხადია ჩვენ ჩვენი პარტიული იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ევროპული ლიბერალური ქვაკუთხედი სწორედ ძლიერი პარტიებია. დღევანდელი სიტუაცია მაგონებს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის„ წინა პერიოდს. ჟვანია სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდის წამოსვლის შემდეგ შევარდნაძემ ნელ-ნელა განიცადა საერთაშორისო დელეგიტიმიზაცია რაც საბოლოოდ შევარდნაძის ბლოკ „ახალ საქართველოში“ ღიად პრო რუსული ძალების (რჩეულიშვილის სოციალისტები, ირინა სარიშვილი, ირაკლი ბათიაშვილი) თავმოყრით დასრულდა, ხოლო არჩევნებში მარცხისა და გაყალბების შემდეგ უკვე ღიად გაფორმდა ალიანსი შევარდნაძე-აბაშიძეს შორის, რაც მაშინ სწორედ რომ საქართველოს რუსეთზე რეორიენტაციას ნიშნავდა. მაშინ ქართველმა ხალხმა ეს არ დაუშვა, უარი უთხრა შვარდნაძე-აბაშიძის რუსულ ჯარზე დამყარებულ კორუმპირებულ რეჟიმს. დღესაც სულ მალე, როცა ივანიშვილის უნაყოფო ლეღვის ხეს უკანასკნელი ფოთოლი, „რესპუბლიკელები“ გახმება და ჩამოვარდება, ივანიშვილის „ოცნება“ ღია ალიანსში შევა ბურჯანაძისა და ინაშვილის რუსულ პარტიებთან (ეს უკანასკნელები ოცნების ყველაზე შავრაზმული კონტიგენტით ფრაქციასაც კი შექმნიან, მაგალითად ჯაჭვლიანი, ქანთარია და ა. შ.) და ისინი ერთხმად აუცილებლად დაიწყებენ საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარს, რაც ქვეყნის რუსეთისთვის ჩაბარებას ნიშნავს. ასე გაიყოფა მეგობრებო წყალგამყოფი ხაზი და დაიწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის. ამჯერად პარტიებზე მეტად მე საზოგადოების ჯგუფების და ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. საერთაშორისო გამოცდილება გვანახებს, რომ პარტიებმა სწორედ მათ, ახალგაზრდა, ენერგიულ ლიდერებს უნდა ვუსმინოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები