საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს თხოვნით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს თხოვნით მიმართავს, უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა გაითვალისწინოს. შესაბამისი თხოვნა ოფიციალური წერილობითი ფორმით ადმინისტრაციისგან პარლამენტს დღეს ან ხვალ გაეგზავნება. როგორც ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის, IV პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. “ყოველწლიური მოხსენების პროცედურები რეგულირდება და იმართება წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე. რაც შეეხება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, რომ მან მიმართოს ხალხს და პარლამენტს – ეს უფლებამოსილებები შესაძლოა, პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი არ არის, თუმცა პარლამენტის ბიურო ის ორგანოა, რომელიც წყვეტს, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის შედგენისა და ნებისმიერი თემის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტის ჩასმის საკითხს”, – აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ. მისი განმარტებით, პრეზიდენტი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია მთავრობას მოთხოვნით მიმართოს გაითვალისწინოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ცალკეული საკითხი. “მთავრობასთან მიმართებაში პრეზიდენტმა გააკეთა საკითხის დეკლარირება – ეს გახლავთ ევროსტრუქტურებთან და ნატოსთან ინტეგრაციის საკითხების იმპლემენტაციის შესრულების ანგარიშის მოსმენა, ხოლო საქართველოს პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა შეეხება საქართველოს სტრატეგიული კურსის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები