„ალასანია თავისი პოლიტიკური რესურსით ქვეყანას უნდა გამოადგეს“

ირაკლი ალასანიას პოლიტიკური შესაძლებლობები ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შეაფასა. მისი თქმით, ალასანიას სს დევნაზე არც უნდა იყოს საუბარი და პირიქით, მისი რესურსი და შესაძლებლობები ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.
„დიდი ხანია, ირაკლი ალასანიას ვიცნობ და არასდროს მსმენია, რომ როდესმე ის ფულზე დახარბებული ყოფილიყო. არც ისეთი ცხოვრებით ცხოვრობს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები თვალში საცემი იყოს. არ მგონია, ალასანია საქმის კურსში ყოფილიყო, თუ მის უწყებაში, მართლაც, რამე დანაშაული მხოდა. ამიტომ, მე მისი სს დევნის ნიშნებს ვერ ვხედავ. პირიქით, ალასანია თავისი პოლიტიკური რესურსით ქვეყანას უნდა გამოადგეს, მიუხედავად იმისა, ეს მას უნდა თუ არა. მართლაც, ძალიან კარგი რესურსი აქვს ირაკლის“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
ექსპერტმა ირაკლი ალასანიას ადამიანური რესურსის დამადასტურებლად ერთ-ერთი მაგალითიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ აფხაზები მას ყველაზე მეტად ენდობიან: „2006 წელს ვენაში აფხაზებთან შეხვედრა იმართებოდა, ძალიან მაღალი დონის შეხვედრა იყო. გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ისინი აფხაზურ პოლიტიკაში დღემდე რჩებიან. ისინი ალასანიას იმდენად ენდობოდნენ, რომ ქართულ დელეგაციას უთხრეს, ჩვენ თანახმა ვართ პოლიტიკური სტატუსის შეცვლაზე, ოღონდ ალასანია ჩამოვიდეს და ეს გვითხრასო. მაშინ ალასანია აფხაზეთის საკითხებში წარმომადგენელი იყო. ისინი შეხვედრასაც არ ითხოვდნენ ირაკლისთან, იმდენად ენდობოდნენ, აღნიშნეს, რომ საკმარისია, ვენის აეროპორტში ჩამოვიდეს და ეს გვითხრასო. ალასანიამ აღნიშნული ინფორმაცია სააკაშვილს გადასცა, თუმცა, უარი მიიღო და, შესაბამისად, ის ავსტრიაში არ ჩასულა. ეს ადასტურებს, რამხელა რესურსი ჰქონდა ამ ადამიანს და ამ რესურსის გამოყენება არც ახლაა გვიანი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები