პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტი ბიუროს პირველივე სხდომაზე განიხილავს
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა. ძიძიგურის განმარტებით, პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის პირველივე ბიუროს სხდომაზე იქნება განხილული.
ძიძიგურის განმარტებით, ის, რომ პრეზიდენტს სურს, გაეცნოს, თუ რა მიმართულებით ახორციელებს სამუშაოს პარლამენტი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდის პროდასავლურობაში ეჭვი ეპარება.
„ საქართველოს პრეზიდენტს მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ ეჭვები არ აქვს. არასერიოზულობაა პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე ლაპარაკი. კურსი არ არის დამოკიდებული არც „თავისუფალ დემოკრატებზე“, არც „კონსერვატორებზე“, არც „რესპუბლიკელებზე“… ეს ცალკე აღებული არავისზეა დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით. ამის შეცვლა არ შეუძლია კოალიციაში შემადგენელ არცერთ პოლიტიკურ პარტიას. პრეზიდენტის მომართვა პარლამენტის პირველივე ბიუროს სხდომაზე იქნება განხილული. ძალიან ნორმალურია, პარლამენტმა საზოგადოებას ამცნოს, რა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, და თუ ამაში მონაწილეობას პრეზიდენტიც მიიღებს, ეს უკეთესიც იქნება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტმა ჩვენს პროდასავლურ მიმართულებაში ეჭვი შეიტანა. სასაცილოა, იმის გამო, რომ პროკურატურამ თურმე აღძრა საქმე თავდაცვის მაღალჩინოსნების მიმართ, დაიწყო გამოძიება და ამით საფრთხე შეექმნა ევროატლანტიკურ მიმართულებას საქართველოში. არ არის ეს სერიოზული საუბარი“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასა და პარლამენტს საგანგებოდ მიმართა. მარგველაშვილმა მთავრობას მოუწოდა, უახლოეს სხომაზე განიხილოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალი სტრატეგიული პაკეტის იმპლემენტაციის ეფექტურობის საკითხი.
ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომას ის და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც დაესწრებიან. პარლამენტს კი პრეზიდენტი მიმართავს თხოვნით, უახლოესი სხდომის დღის წესრიგში ჩასვას მისი ამასწინანდელი მიმართვა მმართველი გუნდისა და მოსახლეობისადმი
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბედნიერები ვართ, ვემსახუროთ ერს, რომელსაც ძალიან მტკიცე არჩევანი გააჩნია, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანი. ამ არჩევანის მსახური დიდი პატივია თითოეული ჩვენგანისთვის. მიმაჩნია, რომ რეალურად, ამ კურსის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია, დაისვას კითხვა, რამდენად ეფექტურად ვემსახურებით ჩვენ – თითოეული ჩვენგანი ერის ამ მტკიცედ გამოხატულ ნებას“, – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.