ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა

მთავრობას ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერი საზოგადობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება.
“ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტურად მუშაობას. მეორე მხრივ, ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება – ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა “ნაციონალებს”, იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი”, – განმარტა ღარიბაშვილომა.
ღარიბაშვილის თქმით, ალასანიას მხარეს მყოფი ადამიანები არიან მოტყუებულები და დიდ შეცდომას სჩადიან, რადგან არჩევანი პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის გააკეთეს.
“ბიზნესიც შეშფოთებულია და აინტერესებს, რაიმე ხომ არ ხდება. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურებისაც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები, მე მათ გულწრფელობაში ვარ დარწმუნებული. სამწუხაროდ, ისინიც არიან მოტყუებულნი, დიდ შეცდომას სჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ ჩადენილ შეცდომასთან. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ხელისუფლება და ჩვენი სიძლიერე გამოიხატება სწორედ ჩვენს დემოკრატიულობაში. ჩვენი ინსტიტუტები მუშაობენ გამართულად და ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვექმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები