წულუკიანი: მე და ჩემს სამინისტროს არასდროს არ გვქონია ხელშეშლა, გვევლო ევროპულ გზაზე

მე და ჩემს სამინისტროს არასდროს არც ერთი და არც მეორე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არ გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მანამ არ აქვს და არ ჰქონია არანაირი საფუძველი ეფიქრა, რომ მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, ის და მისი გუნდი რჩება იუსტიციის სამინისტროს სათავეში და აგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის.
„ის, რაც მოხდა და ხდება, არის უკიდურესად სამწუხარო. ამ უმძიმეს ფონზე მაქვს ვალდებულება, ვუთხრა საზოგადოებას, რომ ივანიშვილის და შემდეგ ღარიბაშვილის მთავრობის ყველა, თითოეულმა წევრმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი გაემყარებინა, გაეხადა შეუქცევადი და ევლო წინ, პროგრესის გზაზე. ამ გზაზე წარმატებით სიარულში იუსტიციის მინისტრმაც შეასრულა თავისი როლი სამინისტროს თითოეულ თანამშომელთან ერთად.
2010 წელს მე გვერდზე გადავდე ევროპული კარიერა, კომფორტული კარიერა სიბერემდე, გადავდე გვერდზე ყველაფერი პირადი და დავბრუნდი ევროპიდან საქართველოში, რათა მებრძოლა და წვლილი შემეტანა საქართველოს ევროპამდე მიყვანის საქმეში. ბედმა გამიღიმა და 2010 წლიდან დღემდე მოვხვდი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებთანაც მქონდა, მაქვს და მექნება ერთიანი, დასავლური ღირებულებები. 2012 წლიდან სათავეში ვუდგავარ იმ სამინისტროს, რომლის თითოეული თანამშრომელი პროგრესისთვის მუშაობს და ეს სამუშაო რამდენიმე დღის წინ დაგვირგვინდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის პირველი ფაზის წარმატებით დახურვით და ჩვენი მთავრობის კოლექტიურ წარმატებას ევროკავშირმა 29 ოქტომბერს „ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ“ უწოდა.
ძალიან ცუდია, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა საქართველოს ეს დიდი საერთაშორისო წარმატება მთლიანად გადაფარა. მერე რა, რომ ამ ორი წლის მანძილზე მე იუსტიციის მინისტრს, ერთ ქალს მქონია მრავალი სირთულე, მერე რა, რომ თავს ზემოთ ძალა მომიძებნია, ფეხზე ვმდგარიყავი, ან ავმდგარიყავი. ფაქტი ფაქტია, მე და ჩემს სამინისტროს არასდროს არ გვქონია ხელშეშლა, გვევლო მთავრობასთან ერთად ევროპულ გზაზე, არასდროს არც ერთი და არც მეორე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, არასდროს არც მოქმედ მინისტრებთან, არც აწ უკვე ყოფილ მინისტრებთან აზრის სხვადასხვაობა ევროპულ არჩევნაზე არ ყოფილა. 2012 წელს ხელისუფლების სათავაში მოსული ძალა იყო და არის ევროპული კურსის ერთგული. ეს გზა არის რთული, მაგრამ ეს იყო და არის დღეს მთავრობის განუხრელი კურსი, რადგან არ არსებობს საქართველოს კეთილი მომავალი ევროპული კურსის გარეშე. ეს ასეა დღეს. მანამ ეს ასეა, მანამ მე მაქვს სახელმწიფოსთვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის მუშაობის სრული თავისუფლება, მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება, ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომლებსაც, ჩემი ღრმა რწმენით, მიჰყავს საქართველო ევროპამდე, მანამ არ მაქვს და არ მქონია არანაირი საფუძველი, მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის. მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები