„ბიძინამ ეს პოლიტიკური ნული, უსუფაშვილი, ტომარასავით დასვა პარლამენტში, დღეს კი, ვისაც ჩააცვა, ის ცდილობს, რომ მას გახადოს“
პარტია „ქართული დასის“ თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტია“ გააკრიტიკა და ბიძინა ივანიშვილს კოალიციის შექმნის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილება დაუწუნა.
ბაღათურიას განცხადებით, პოლიტიკურად ნული პარტია „რესპუბლიკელები“ დღეს მზად არიან, ტრადიციული სვლა გააკეთონ და განუდგნენ მას, ვინაც ის ხელისუფლებაში მოიყვანა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პარლამენტის თავმჯდომარეც გააკრიტიკა. მისი შეფასებით, უსუფაშვილი სრულიად დაუმსახურებლად, როგორც ტომარა, ისე დადო კოალიციამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
„იმის მიხედვით, თუ როგორი გუნდიც შეკრიბა ბიძინამ თავის დროზე, ვითარების პროგნოზირება შეიძლებოდა. ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო, ამაზეა ნათქვამი. ვისაც ბიძინამ ჩააცვა, ის ცდილობს ახლა, რომ მას გახადოს. „რესპუბლიკელებს“ ტვინი ახლა, ორი წლის მერე გაეხსნათ და ახლა შეამჩნიეს თურმე, რომ დემოკრატია საკმარისი არ არის, თანაც არა ქვეყანაში, არამედ კოალიციის შიგნითო. „რესპუბლიკელებმა“ მიიჩნიეს, რომ დადგა მომენტი, როცა ტრადიციული სვლა უნდა გააკეთონ, უღალატონ იმ გუნდს და იმ ადამიანს, რომელმაც მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში და უფრო დიდი ტორტის ნაწილი ჩაიგდონ ხელში. უსუფაშვილისთვის პარლამენტის თავმჯდომარეობის ჩაბარება შეიძლებოდა? როცა ასე უსამართლოდ, დაუმსახურებლად, პოლიტიკური ნული, რომელიც ბოლო 30 წელია სულ ნულია, მოგყავს ძალაუფლებაში და, როგორც ტომარას და საგანს დადებ ასე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარედ, მერე უნდა ელოდო იმ კანონზომიერებას, რომელიც ახლა მოხდა. ეს პოლიტიკური ნული ახლა შემოგიბრუნდება და კიდევ უფრო მეტს მოგთხოვს“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისი თქმით, იმის პროგნოზირება, რაც ხელისუფლებაში და მმართველ გუნდში მოხდა ძალიან ადვილი იყო. რაც შეეხება გადამდგარი მინისტრების საკითხს, ბაღათურიას შეფასებით, პეტრიაშვილი და ფანჯიკიძე ალასანიას გუნდია, ისინი ალასანიამ მოიყვანა და სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ, ის იქნებოდა გასაკვირი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.