„როგორც ჩვენში ამ ბოლო დროს ამბობენ – ნახვამდის!“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილე თამარ ქაროსანიძე თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თანამშრომლებს და საზოგადოებას ფეისბუქის გვერდიდან ემშვიდობება.
ქაროსანიძე აცხადებს, რომ დღეს შეიარაღებული ძალები დეპოლიტიზებული, თავდაცვის სისტემა – გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია, ირაკლი ალასანია კი ყველაზე ეფექტური მინისტრია.
“ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის ყველაზე ეფექტურ (და ეფექტიან) მინისტრს (ყოფილს, რა თქმა უნდა), რომ მომცა შესაძლებლობა, ბოლო ორი წელი მემუშავა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყველაზე ხშირად ამბობენ სიტყვებს: “ვემსახურები საქართველოს”! ამ წლებში თავდაცვის სისტემამ რთული, მაგრამ წარმატებული გზა გამოიარა. მთავრობის ანგარიშებში ეს წარმატებები ყოველთვის ყველაზე ვრცლად არ იყო ხოლმე აღწერილი, თუმცა “სივრცე” არ აკლდა ჩვენი უცხოელი პარტნიორების და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დადებით შეფასებებს.
მიხარია, რომ დღეს შეიარაღებული ძალები არის დეპოლიტიზებული, თავდაცვის სისტემა კი – გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. მომავალში, ალბათ, თავდაცვის სისტემის წარმატებულ მაგალითებს უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებიც გამოიყენებენ. განსაკუთრებული მადლობა ყველა სამხედროს და თქვენს ოჯახებს!
დიდი მადლობა თავდაცვის სისტემის ყველა ერთგულ და მონდომებულ თანამშრომელს! თქვენთან ერთად მუშაობა იყო დიდი პატივი, დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიამოვნება! მადლობა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის და იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჰქონდა და აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ! როგორც ჩვენში ამ ბოლო დროს ამბობენ – ნახვამდის!”, – წერს ქაროსანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები