ჩუღურეთში მცხოვრებ ოჯახებს ბუნებრივი აირი მიეწოდებათ

ჩუღურეთის რაიონში, ჯავახიშვილის ქ. № 118-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდებათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახლად დამონტაჟებულ ქსელში ბუნებრივი აირის პირველად გაშვებას თბილისის მერი დავით ნარმანია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისში დასრულდა ჩასახლებებში მცხოვრებთა აღწერა და გამგეობები მათ სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, საჭიროებისამებრ, დაეხმარებიან.
მისი თქმით, ჩასახლებულთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად რაიონული გამგეობები ყველაფერს აკეთებენ.
„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც სამმა უწყებამ ერთობლივი ძალისხმევით შევასრულეთ. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ჩასახლებებზეც. ყველაზე უმთავრესი, რაც ამ ადამიანებს აწუხებდათ, იყო იმ ფართების დაკანონება, რომელიც 21 წელი მათი საკუთრება არ იყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების უფასო გაზიფიცირების პროექტს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ თბილისის მერიასთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დედაქალაქის მასშტაბით უკვე დასრულებულია 68 ამხანაგობის გაზიფიკაცია.
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანია სოციალურად დაუცველ აბონენტებზე პატრონატს გაზიფიკაციის სამუშაოების დასრულების შემდეგაც აგრძელებს. აბონენტებს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ მათ ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების, ან გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ბიზნესცენტრებში და კვალიფიციური სპეციალისტები მათ უსასყიდლოდ შეუმოწმებენ გაზის დანადგარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები