„ალასანიას და პეტრიაშვილის თანამდებობიდან წასვლა საქართველოს ევროპულ ორიენტაციას დააზიანებს”

„ისეთი გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაციის მინისტრების თანამდებობიდან გადადგომა და გადაყენება, როგორებიც არიან ალექსი პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანია, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორიენტაციას დააზიანებს“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ალასანიასა და პეტრიაშვილის თანამდებობიდან წასვლას ჯაჭვური რეაქციის სახით მოჰყვა არა მარტო ფანჯიკიძის, არამედ მთელი მისი პოლიტიკური გუნდის გადადგომა. საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით, გამორჩეული ფიგურა გახლდათ დავით ზალკალიანი. მე, ალასანიას გარდა, სხვა პოლიტიკური ფიგურის გამოყოფა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელსაც ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო ორიენტირები, არ შემიძლია. სამხუხაროდ, ყველა სხვა მინისტრი თუ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი „ქართული ოცნებიდან“ საგარეო კურსის კუთხით ყოველთვის გამოირჩეოდა ბუნდოვანი, არათანამიმდევრული განცხადებებით. სახელისუფლებო კრიზისი უკვე სახეზეა. “თავისუფალი დემოკრატები“, ალბათ, კოალიციაში ვეღარ დარჩებიან. ეს კრიზისი ადრე თუ გვიან რომ დადგებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მე დიდი გულშემატკივარი კოალიციისა არასოდეს ვყოფილვარ, არც მისი ლიდერისადმი მქონია გამორჩეული მოწიწება და სიყვარული და არც იმის მჯეროდა, რომ ამ კოალიციას ოდესმე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთიანი ჩამოყალიბებული ხედვა ექნებოდა“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები