„გამჭრიახი გადაწყვეტილება იქნება, თუ ალასანია გავა კოალიციიდან, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს“
„დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ყველაზე გამჭრიახ გადაწყვეტილებას მიიღებს ალასანია, თუ გავა ალიანსიდან, მაგრამ არ გავა საპარლამენტო უმრავლესობიდან“, – აღნიშნული განცხადება ექსპერტმა სანდრო თვალჭრელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, გუშინ პრემიერის მიერ გადადგმული ნაბიჯით ხელისუფლება დასუსტდა, ირაკლი ალასანიას რეიტინგი კი პირიქით გაიზარდა. ექსპერტმა პრემიერს თამაშის წესებიც დაუწუნა. მისი განცხადებით, როდესაც იქმნება კოალიცია, შენ თამაშის წესებს პატივი უნდა სცე.
„ ირაკლი ალასანიას რეიტინგმა გუშინ კიდევ უფრო აიწია, ხოლო იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება გაძლიერებულიყო, ის პირიქით – თითქმის კრიტიკულ ზღვარამდე დასუსტდა. ეს მთავრობაში ძალთა გადაადგილების აშკარა მცდელობაა. რაღაც მომენტში მთავრობის ნდობის საკითხი დადგება და როგორ გადაწყდება ეს საკითხი დღევანდელ რეალობაში, გაუგებარია. დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ყველაზე გამჭრიახ გადაწყვეტილებას მიიღებს ალასანია, თუ გავა ალიანსიდან, მაგრამ არ გავა საპარლამენტო უმრავლესობიდან. შეიძლება პოლიტიკური პარტიებისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კარგია, მაგრამ საქართველოს სუსტი სახელმწიფოსთვის ეს ძალიან ცუდია. პრემიერ – მინისტრმა დაკარგა პოლიტიკური ნდობა, რადგან როდესაც იქმნება კოალიცია, შენ თამაშის წესებს პატივი უნდა სცე“,- განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა: ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ პირადი სურვილით დაკავებული თანამდებობები დატოვეს.