ალექსი პეტრიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ მიმართა
ალექსი პეტრიაშვილმა გადადგომის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად პეტრიაშვილმა განუცხადა. პეტრიაშვილმა საქართველოს მთავრობას და მის ხელმძღვანელს მოვუწოდა, მიუხედავად კოალიციური შიდა პროცესებისა, განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი და არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხონ.
“ცოტა ხნის წინ მივმართე პრემიერ-მინისტრს წერილობით, დააკმაყოფილოს ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ. ასევე, მქონდა შეხვედრა აპარატის თანამშომლებთან და მე მათ მადლობა გადავუხადე გაწეული სამუშაოსთვის. ისინი დაუღალავად და თავდაუზოგავად შრომობენ, რათა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეუფერხებლად ასრულდეს. მათი წვლილი ძალიან დიდია იმ მიღწევაში, რომელიც დადგა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური გუნდის ერთობლივი ძალისხმევით. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელთა აღსრულებას სჭირდება სწორედ ამ ადამიანების ენერგია და შრომა”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
იგი პრემიერსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ აღნიშნული კურსით სვლა განაგრძოს.