„მე ვიყავი და მომალშიც ვიქნები „თავისუფალი დემოკრატების“ გვერდით“
მე არ მაქვს მორალური უფლება სხვაგვარად მოვიქცე, არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კოლეგებს, დიპლომატებს და ჟურნალისტებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მე ვიყავი, დღეიდან ისევ ვარ და მომავალშიც ვიქნები „თავისუფალი დემოკრატების“ გვერდით, იმ გუნდის გვერდით, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მისი უფლებები, ვისთვისაც უმთავრესია ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება. მე არ მაქვს მორალური უფლება დღეს სხვაგვარად მოვიქცე, არასდროს ჩემი ქვეყნის პრინციპებისთვის არ მიღალატია. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ ათას გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე, ეს უბრალო ხელმოწერა არა არის, იქ არის ჩემი გული იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი. მადლობას გიხდით ყველას, ჩემს კოლეგებს ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, ჟურნალისტებს. მე არსად არ მივდივარ, არ გემშვიდობებით მე ისევ აქ ვარ, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.