მინდია ჯანელიძე: შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი უცვლელი დარჩება

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახლად წარდგენილმა მინდია ჯანელიძემ მის პრიორიტეტებსა და სამომავლო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც ჯანელიძემ პრემიერის მიერ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ განაცხადა, მისი თავდაცვის მინისტრობა კანონის უზენაესობას, გამჭირვალეობას და ეფექტურობას დაეფუძნება.
მინდია ჯანელიძემ ის ძირითადი პრინციპები დაასახელა, რითაც მუშაობისას იხელმძღვანელებს.
„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც მან თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენით გამომიცხადა. სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას და ტვირთს რომელიც ამ თანამდებობას ახლავს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ გამოცხადებული ნდობა გავამართლო. აქვე მინდა მოკლედ მოგახსენოთ ძირითად პრინციპებზე, რომლებზედაც დაეფუძნება თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების მმართველობა ჩემი მინისტრობის პერიოდში.
1. შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი რჩება უცვლელი, ის ორიენტირებული იქნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ვინაიდან ეს კურსი გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ შრომას „ნატო“-სთან დაახლოებისათვის და ჩვენი შეიარაღებული ძალების ალიანსთან თავსებადობის გაზრდისათვის. ასევე ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ სამხედრო თანამშრომლობას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ასევე დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და საქართველოს მეგობარ სხვა სახელმწიფოებთან. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მოხდეს “ნატო“-ს ბოლო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია.
2. ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანას ვხედავ შევქმნა პირობები ჩვენი შეიარაღებული ძალების შეუქცევადი განვითარებისთვის. ამ მხრივ ჩემთვის მთავარ ღირებულებას წარმოადგენენ ის ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც ემსახურებიან სამშობლოს. ჩვენი ამოცანა იქნება შევუქმნათ მათ ღირსეული პირობები რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზება ქვეყნის სამსახურში. როდესაც ვლაპარაკობთ შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებზე, არ უნდა დავივიწყოთ ის გმირები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ ოჯახებს, შვილებს სამინისტროს მხრიდან ექნებათ მუდმივი ყურადღება და მზრუნველობა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
3. ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდისკენ, როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. დიდი ყურადღება დაეთმობა სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამხედრო განათლებას, სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ დაცვას.
4. აუცილებლად გაგრძელდება შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის კურსი. მიმაჩნია რომ შეიარაღებული ძალები თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური კონიუქტურისგან და უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ქვეყანას.
5. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, გამჭვირვალეობა იქნება მართვის პრინციპები ჩემი მინისტრობის პერიოდში“, – განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მინდია ჯანელიძე დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები