მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ფანჯიკიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თანამდებობა დატოვეს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, დავით ჯალაღონიამ, ლევან გურგენიძემ და თამარ ბერუჩაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძის გარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა.
მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.
მინისტრად დანიშვნამდე, მაია ფანჯიკიძე აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” საქმიანობაში. 2012 წლის თებერვალში მაია ფანჯიკიძემ კოალიციის პრესსპიკერისა და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას” მთავრობის ფორმირება დაევალა.
პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამდე, მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კარიერის მნიშვნელოვანი გზა გაიარა. ის იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2004-2007) და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2007-2010). როგორც პროფესიონალ დიპლომატს, საგარეო უწყებაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, პირველი მდივნობიდან დაწყებული (1994), დამთავრებული მინისტრის მოადგილეობით (2004).
მაია ფანჯიკიძე, როგორც ფილოლოგი და ლექტორი, 1998 წლიდან აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. 2010-2011 წლებში ის კითხულობდა ლექციებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში სრული პროფესორის სტატუსით. მაია ფანჯიკიძე გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარეა; მას ეკუთვნის მთელი რიგი შრომები გერმანული ენისა და ლიტერატურის სფეროში.
მაია ფანჯიკიძე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. მან დაამთავრა იენის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ქართული ენის გარდა, ის ფლობს გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ნიდერლანდურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=12OFBmawukI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები