კახა კალაძე სხვა მინისტრების გადადგომასაც არ გამორიცხავს

„არ გამოვრიცხავ, რომ ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძემ და თეა წულუკიანმაც დატოვონ“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. როგორც კალაძემ განაცხადა, მას არ გაუკვირდება, თუკი ალასანიას გუნდის წევრი მინისტრები თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. “ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა ნორმალურია, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა აქვთ. მე არ გამიკვირდება, რომ მათ (მაია ფანჯიკიძე და თეა წულუკიანი) ეს გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა დაველოდოთ”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის შეფასებას, რომ ქვეყანაში დიქტატურის საფრთხეა, ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მონაპოვარი სწორედ ისაა, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გათავისუფლდა და განსხვავებული შეხედულების გამო ისინი აღარ იდევნებიან. კალაძის განცხადებით, რაც ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ კრიზისს ვერ დაარქმევს. “რა თქმა უნდა, ცუდია ის, რაც მოხდა, კარგი იქნებოდა ეს სხვაგვარად დასრულებულიყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. კრიზისი არ იქნება. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა. ასევე ნაადრევია საუბარი კოალიციის შესაძლო დაშლასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები