ზურაბ აბაშიძე: ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს

„ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს. არსად არავის არ ვემიჯნებით, არაფერს არაფერს არ ვტოვებთ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ. მისივე განმარტებით “თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. აბაშიძის თქმით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პირდაპირ განაცხადა, რომ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვები და ეჭვები, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებით.
აბაშიძის განცხადებითვე, დღეს გაგრძელდა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ კამპანია და გარდა პოლიტიკური სარჩულისა, პროკურატურის მხრიდან ამას სხვა სარჩული არ შეიძლება მოეძებნოს. “ლოგიკურად იბადება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას და ამავდროულად სახელმწიფოს მიაყენებს სერიოზულ ზიანს. ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, დღეს არ მივიღეთ მონაწილეობა უმრავლესობის სხდომაში და მოვითხოვეთ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა, რომელიც კოალიციის უმაღლესი ორგანოა. ჩვენ არავის არ ვემიჯნებით, უბრალოდ “თავისუფალმა დემოკრატებმა” დავაფიქსირეთ ჩვენი ძალიან მკაფიო და ნათელი პოზიცია. ველოდებით პოლიტსაბჭოს შეხვედრას, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს. არსად არავის არ ვემიჯნებით, არაფერს არაფერს არ ვტოვებთ”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები