ჭიათურაში საბაგირო გზების მშენებლობისთვის 13 მლნ ევრო დაიხარჯება

საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას დღეს, ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის „Pomagalski“-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტიან ბუვიემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსიც დაესწრო. ახალი საბაგირო გზების მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მლნ ევროთი დააფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5.5 მეტრია. კაბინები კი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 950 მეტრია, ჭიათურის ცენტრს ნაგუთთან, მეორე სიგრძით 800 მეტრიანი საბაგირო გზა ქალაქის ცენტრს სანატორიუმთან, მესამე 430 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი კი ჭიათურის ცენტრს მუხაძესთან დააკავშირებს. მეოთხე საბაგიროთი კი, ერთმანეთს ჭიათურის ცენტრი და რუსთაველის ქუჩა დაუკავშირდება. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”Pomagalski” უზრუნველყოფს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში გაშვების სფეროში. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკ ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.
გარდა ამისა, დღეიდან, ჭიათურის მოსახლეობა საბაგირო გზის „სანატორიუმის“ სადგურამდე მისასვლელად ახლადრეაბილიტირებული ქუჩითაც ისარგებლებს. დავით შავლიაშვილმა წმინდა გიორგის ქუჩაზე 3 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი გახსნა. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 472 455 ლარით დააფინანსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები