რა წესები უნდა დაიცვათ ტესტირების პროცესში – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც განმარტებულია, თუ რა წესები უნდა დაიცვას აბიტურიენტმა ტესტირების პროცესში.

“საგამოცდო სექტორში შესვლისთანავე გამოსაცდელი ვალდებულია:

დაიკავოს მისთვის განკუთვნილი ადგილი;

სამუშაო მაგიდაზე დაალაგოს მხოლოდ ნებადართული ნივთები – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კალამი, პასუხების ფურცელი და შავი სამუშაოსთვის განკუთვნილი ფურცლები, ასევე გამოცდით გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, ტაბულა);

წყალი გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლით უნდა დადგას იატაკზე;

შეამოწმოს პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეს, რომ დაუზიანებელია და დაადასტუროს სექტორის უწყისში ხელმოწერით (სახელის ინიციალისა და გვარის ჩაწერით);

პასუხების ფურცელზე დაკრული შტრიხკოდის ნომერი გამოსაცდელმა თავად უნდა ჩაწეროს სექტორის უწყისის შესაბამის ველში;

ტესტზე მუშაობა იწყება სისტემაში სპეციალური კოდის შეყვანისა და საგამოცდო დროის ათვლის შემდეგ;

გამოსაცდელმა უნდა დაიცვას დამკვირვებლის მითითებები;

გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი გამოსაცდელებს შეახსენებს დროს, რათა დროულად დაასრულონ ტესტზე მუშაობა;

საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელს არ აქვს უფლება გააგრძელოს მუშაობა პასუხების ფურცელზე;

ტესტზე მუშაობის ადრე დასრულების შემთხვევაში, ნაშრომი და ფურცლები შავი სამუშაოსათვის უნდა ჩააბაროს დამკვირვებელს დადგენილი წესით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები