ამირიძე ალასანიას გადადგომისკენ მოუწოდებს – ბაჩო ახალაიასაც კი ეყო ვაჟკაცობა და შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე ფიქრობს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მის უწყებაში გამოვლენილ კანონდარღვევებზე პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს და ვიდრე საქმეები ძიების პროცესშია, უნდა გადადგეს. როგორც ამირიძე “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, მინისტრის მხრიდან მისი უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების უდანაშაულოებად აღიარება უპასუხისმგებლო საქციელი და საგამოძიებო უწყებისადმი უპატივცემულობის გამოვლენაა.
“თავდაცვის მინისტრი არც ადვოკატია და არც პროკურორი. მან პროკურატურას და სასამართლოს არ უნდა გაასწროს და წინასწარი განცხადებები არ უნდა აკეთოს, რომ თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ალასანიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს, ის ასევე, პირდაპირ პასუხისმგებელია ჯარების ყოფა-ცხოვრებაზე, მათ აღჭურვაზე. ელემენტარულად ეს მინისტრის იმიჯსაც ლახავს. თუ მინისტრი საქმის კურსში არ იყო და მისი მოადგილე ზურგს უკან ახორციელებდა უკანონო შესყიდვებს, ან ან პირიქით, თავადაც საქმის კურსში იყო და ხელს აფარებდა ამ პროცესებს – მას არცერთ შემთხვევაში გამართლება არ აქვს. ქმედებაც და უმოქმედობაც შეიარაღებულ ძალებში ორივე დასჯადია. თავდაცვის ყოფილ მინისტრს კეზერაშვილს დაახლოებით მსგავს საქმეებზე ედავება გამოძიება. ჯარისკაცები გამუდმებით იწამლებიან და ამაზე გულგრილი და უპასუხისმგებლო დამოუკიდებულება აქვს უწყებას, რომელიც რეალურად სიტუაციას უნდა მართავდეს. ვფიქრობ, ვიდრე თავდაცვის თანამშრომლების საქმეები გამოძიების პროცესშია, ირაკლი ალასანიას უნდა ეყოს პასუხისმგებლობა და დროებით გადადგეს. ყველას გვახსოვს, რომ ბაჩო ახალაიას ეყო ვაჟკაცობა და ციხის კადრების გასაჯაროების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სადის უფროსი აღარ იყო, შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგა“, – განუცხადა “კვირას“ ლევან ამირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმის შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები