უსუფაშვილის პარტია ალასანიას სოლიდარობას უცხადებს – “პრემიერი არ არის კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი”

„რესპუბლიკელები“ თავდაცვის უწყების გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „თავისუფალ დემოკრატებს“ სოლიდარობას უცხადებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, “თავისუფალი დემოკრატები” მათი პარტნიორები არიან.
“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება და გაქრება ყველა კითხვა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან თანამშომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს და გვჯერა თავდაცვის მინისტრის, რომელიც მყარად არის დარწმუნებული თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში. ამ საქმეში არსებობს შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილზე და მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ ნაწილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კითხვები იქნება თუ არ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი და მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ გრიფი ადევს საქმეს, როდესაც პროკურატურის ზეწოლაზეა საუბარი და პროცედურულ დარღვევებზე, რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვების გასაქარწყლებლად მხარე რომ არ იყოს პრემიერი. ჩვენი კოალიციური პარტნიორი, ირაკლი ალასანია, ერთ-ერთი ლიდერია კოალიციაში და ამ კოალიციის ყველა წევრი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს პარტნიორ პარტიას კოალიციაში“, – აღნიშნა სამნიძემ.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი არ არის.
“პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხარე. მის დაქვემდებარებაშია როგორც სამინისტრო, ასევე პროკურატურა. მისი განცხადება, რომ მაქვს კითხვები მინისტრთან, ვფიქრობ, რომ არასწორია. მას კითხვები არ უნდა ჰქონდეს მინისტრთან. კითხვები აქვს პროკურატურას, სასამართლოში გადავა ეს საქმე. პრემიერ-მინისტრი არ არის კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი. სწორედ ასეთი დამოკიდებულება ბადებს შეკითხვებს, რომელიც არსებობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ამ საქმეში”, – განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები