კომპანიაში, პროკურატურის ბრალის წარდგენამდე, საკადრო ცვლილებები მოხდა – რა გაარკვია „კვირამ“

შპს „ქართული კვების კომპანიაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კომპანიას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ არის დაფუძნებული და რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, ხელმძღვანელი პირი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა. გიორგი როგავა მირანდა მანჯგალაძემ ჩაანაცვლა, – ამის შესახებ „კვირას“ შპს „ქართული კვების კომპანიაში“ განუცხადეს.
მირანდა მანჯგალაძე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. როგორც „კვირას“ შპს „ქართული კვების კომპანიაში“ პრესსამსახურის უფროსმა ნუკი ლეჟავამა განუცხადა, მირანდა მანჯგალაძე საქართველოს შეიარაღებული ძალებში კვებითი მომსახურების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. შპს ,,ქართული კვების კომპანიის” 100%-იანი წილის მფლობელია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა”. 2013 წელს ივლისის თვეში კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია 2013 წლის 29 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში აღარ იმყოფება. „დელტა“ ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის მარტში გადაეცა, შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს აღარ ეკუთვნის“, – აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეა კერძევაძემ.
ამ ეტაპზე, შპს „ქართული კვების კომპანიაში“ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ნუკი ლეჟავას ინფორმაციით, მათ კომპანიაში არაფერი იცოდნენ და პროკურატურის განცხადება ტელეეთერის საშუალებით შეიტყვეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს „ქართული კვების კომპანია“, რომლის დამფუძნებელი არის თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრაგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა, აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას. ამის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას. საქმეზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამხედრო ქვედანაყოფებში განთავსებულ სასადილოებში მზა პროდუქტის ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისათვის. საკვების ნიმუშები შეიცავდა აურეუსის, ეშერიხია კოლის და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებს. სანიტარულ-ჰიგიენური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასადილოდან გარეცხილი და გამოსაყენებლად გამზადებული ინვენტარიდან, ასევე მომსახურე პერსონალის ხელებიდან აღებული ნაცხების მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ სასადილოში და სასადილოს საცავებში არ იყო დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური, პერსონალის პირადი ჰიგიენის ნორმები, 9 შემთხვევაში ამოითესა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები და 5 შემთხვევაში – აურეუსი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დასახელებული სამხედრო ნაწილების ნორმალურად ფუნქციონირების შეფერხება. 2013 წელს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების შემდეგ, შპს ,,ქართული კვების კომპანიის” ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მაშინ, „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორის გიორგი როგავა აცხადებდა, რომ კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს სანიტარულ ჰიგიენას, რისთვისაც გამოყოფილია თანხები. ახლო მომავალში დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება სურსათის უვნებლობის სამსახურთან, რომელიც ყველა სამხედრო ქვედანაყოფში სურსათის უვნებლობის კუთხით ვითარებას შეისწავლის.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები