რა შემთხვევაში დადგება ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი? – პეტრე მამრაძის განმარტება

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის უწყების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმემ შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები დააჩქაროს და კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლა დაიწყოს.
მამრაძე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმეში მინისტრის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე არსებობს დასაბუთებული ეჭვები, რომ ეს საქმეც, ე.წ. “ტრაქტორების საქმის” მსგავსად, უსაფუძვლოა.
“ყურადღებაა მისაქცევი იმაზე, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამას ბოლომდე დაიცავს. ისე გამოვიდა, რომ პრემიერ-მინისტრთან და პროკურატურასთან კითხვები მას აქვს და არა პირიქით. ახლა უკვე დღის წესრიგში დგას დასაბუთებული ეჭვები იმის თაობაზე, რომ ეს საქმეც ე.წ. “ტრაქტორების” საქმის მსგავსად უსაფუძვლო იყოს. ერთია კამათი შესყიდვის მიზანშეწონილობაზე და მეორეა გაფლანგვა და თანხების მითვისება. თუ ამას პროკურატურა დაასაბუთებს, მე პირველი ვიქნები, ვინც მოითხოვს, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ. ამ ეტაპზე ბრალდების მხარისთვის ვითარება ფრიად წამგებიანია. ამ გაფლანგვის საქმემ შეიძლება საქართველოში პოლიტიკური პროცესები დააჩქაროს. კოალიცია შეიძლება დაიშალოს. ეს დამოკიდებულია ბალანსზე და იმაზე, თუ რაზე მოილაპარაკებენ შიგნით. სუბიექტებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ და ყველას ესმის, რომ თუ ივანიშვილმა თავისი რესურსი და ავტორიტეტი ისევ ჩართო, შეიძლება გაირიყონ და პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩნენ. მაგრამ ალასანიას და მის ჯგუფს უკან დასახევი აღარ აქვს. კოალიციაში შემავალი სუბიექტების მოთმინების ფიალა ალბათ აივსო, რადგან ამ ადამიანებს იმის თქმა უწევდათ,რაც მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო. ეს მოთმენის პროცესიც მთავრდება”, – განაცხადა მამრაძემ “პირველ პრესკლუბში”.
მამრაძის თქმით, თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგება. “მინისტრის პასუხისმგებლობა ვერანაირად ვერ დადგება იმ შემთხვევის გარდა, თუ გამოძიება დაამტკიცებს, რომ თავდაცვის მინისტრს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რაღაც უნდა გაეკეთებინა, რათა ტენდერი სხვანაირად წარმართულიყო და არ გააკეთა. ამას ჩემი აზრით, ვერ დაამტკიცებენ”, – განაცხადა მამრაძემ “პირველ პრესკლუბში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები