ალექსი ბატიაშვილი პროკურატურამ შესაძლოა, ხელმეორედ დაჰკითხოს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მზად არის, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხელმეორედ დაჰკითხოს. ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოს მიერ განცხადებაშია აღნიშნული. პროკურატურა ბატიაშვილს საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს, ასევე სთავაზობს, ჩაიწეროს დაკითხვა როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ფორმატში. „სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, მოხდეს ალექსი ბატიაშვილის მოწმის სახით განმეორებით დაკითხვა. ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, ის უფრო მომზადებული შეხვდება გამომძიებელს, ვინაიდან გამოძიების კითხვები მისთვის უკვე ცნობილია“, – ნათქვამია საგამოძიებო ორგანოს განცხადებაში. მთავარი პროკურატურა ალექსი ბატიაშვილის ადვოკატის ბრალდებებს უარყოფს. გუშინ ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე 10 – საათიანი დაკითხვის განმავლობაში გამომძიებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას. პროკურატურის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ბატიაშვილმა კითხვებზე სრულყოფილი პასუხები ვერ წარმოადგინა. “როგორც აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე. დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა გამოიჩინა გაურკვეველი დამოკიდებულება და უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე. გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება, დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც მოხდა დაკითხვის პროცესის დასრულება, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8 -საათიანი ვადა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები