უსუფაშვილი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ: დაინტერესებულნი ვართ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს (ვიდეო)

„მინისტრმა გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. როგორც დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს შეეხო.
“ბატონმა მინისტრმა მთხოვა შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ ძირითადი თემა რა თქმა უნდა არის დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი. ეს ეხება კონკრეტულ საქმეს შესყიდვების თაობაზე. მინისტრმა გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ და მე ამისთვის მადლობელი ვარ. პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის, მთავრობის ინიციატივით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა ძალაში შარშან და აქედან გამომდინარე, 2 მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო ხელმოწერა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე, რომ პარლამენტი არაპირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო. მინისტრის თხოვნა იყო, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენცის ფარგლებში, ემსახურებოდეს სახელმწიფოს პროკურატურაც, თავდაცვის სამინისტროც, მთავრობაც და პარლამენტიც. ასე რომ, მე როგორც განვაცხადე პარლამენტი, რა თქმა უნდა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით თუ სხვა საშუალებებით ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ozcVtSf_W08″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები