ალასანიას მოადგილის დაკითხვა დასრულდა – ალექსანდრე ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა

ირაკლი ალასანიას მოადგილემ ალექსანდრე ბატიაშვილმა მთავარი პროკურატურა დატოვა. ბატიაშვილის დაკითხვა დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკითხვის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მისი დაკითხვის ოქმი არ დაადასტურა და ხელი არ მოაწერა.
კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა დაკითხვის დროს, სამუშიამ განაცხადა: “ზეწოლას ვერ გაგვიბედავდნენ, მაგრამ იყო შეფარული, ასე ვთქვათ, მცდელობა იმისა, რომ სასურველი პასუხები მიეღო გამომძიებელს”.
სამუშიას თქმით, გამომძიებელი ცდილობდა მისგან პროკურატურისათვის სასურველი პასუხები მიეღოთ. მისი განცხადებით, დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკითხვის ოქმში არ იყო ასახული ალექსი ბატიაშვილის პასუხები სრულად და არ იყო დაფიქსირებული ბატიაშვილის და მისი ადვოკატის პროტესტი.
“დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით, ვერც ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვის მიმდინარეობისას ალექსი ბატიაშვილი როდესაც სცემდა პასუხს, გამომძიებელ ფუტკარაძეს პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც პროტესტი დავაფიქსირეთ და შესაბამისი პროტესტი იქნა ჩვენს თვალწინ ოქმში შეტანილი. როდესაც დაკითხვა დასრულდა, წარმოდგვიდგინეს ოქმები და საოცრება მოხდა. დაკითხვის ოქმში ალექსი ბატიაშვილის პასუხების უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო ნათქვამი, უმრავლესობა კი იქნა ამოღებული. პროტესტები არ იყო დაფიქსირებული”, – აღნიშნა ადვოკატმა.
როგორც სამუშიამ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათ დარღვევა გააპროტესტეს, გამომძიებელმა მეორე ოქმი წარუდგინა, სადაც პროტესტი იყო დაფიქსირებული, თუმცა, დაკითხვის პროცესი არ იყო სრულფასოვნად ასახული. ადვოკატის თქმით, მათ ეს ოქმიც გააპროტესტეს და დაკითხვის ოქმში ასახულ ფაქტებს არ დაეთანხმნენ.
“ბატიაშვილმა განაცხადა, რომ არ იზიარებდა ასახულ ფაქტებს, შესაბამისად, ვერ დაადასტურებდა და აღნიშნულ ოქმზე ხელს ვერ მოაწერდა”, – განაცხადა სამუშიამ.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ალექსი ბატიაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს გამოცხადდეს დაკითხვაზე და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს 14.00 საათიდან კითხავდნენ. პროკურატურაში, დაკითხვაზე შესვლამდე კი ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას “სილქნეტის” ფინანსურ დირექტორთან მისი ნათესაურო კავშირი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კომპანია “სილქნეტის” ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. წიკლაურის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია “სილქნეტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს ალექსი ბატიაშვილი აწერს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები