ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციისთვის ნიდერლანდების მთავრობა გრანტს გამოყოფს

ნიდერლანდების მთავრობის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალებასა (ORIO) და საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა “ზემო სამგორის ირიგაციის სისტემის პროექტის” საგრანტო ხელშეკრულება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა ჰანს ჰორბახმა. ცერემონიას დაესწრო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ზემო სამგორის ირიგაციისა და დრენაჟის სისტემის რეაბილიტაციას და მოიცავს განვითარების, განხორციელებისა და ოპერირება/მოვლა-შენახვის ეტაპებს. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პროექტის განვითარების ეტაპისათვის ნიდერლანდების მთავრობის მხრიდან 860,987 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე.
,,ნიდერლანდების მთავრობა საქართველოს ეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გრანტით იგეგმება ირიგაციის სისტემების რეაბილიტაცია. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა ამ კუთხით, მომავალშიც გავაგრძელოთ მუშაობა. პროექტის საერთო ღირებულება 55 მლნ ევროა და იმედია, რომ პროექტი მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
პროექტის განვითარების ეტაპის ღონისძიებები მოიცავს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა მოსამზადებელი სამუშაოს შესრულებას (პროექტის მომზადებისთვის საჭირო კვლევებისა და ტექნიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი და ინსტიტუციონალური ასპექტების ანალიზის მომზადება).
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს მთავრობასთან დღეს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. თქვენს ქვეყანაში ნაყოფიერი მიწებია და მისი სწორი ირიგაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიზარდოს სოფლის მეურნეობის პოტენციალი და დარგმა დიდი წვლილი შეიტანოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებაში. ნიდერლანდებს ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება აქვს. მიმაჩნია, რომ საქართველოშიც შესაძლებელია იგივე წარმატების მიღწევა მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და სოფლად ცხოვრების დონის გაძლიერებისათვის,“ – განაცხადა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა აჰანს ჰორბახმა.
განვითარების ეტაპის შედეგზეა დამოკიდებული შემდგომში განხორციელების და ოპერირება-შენახვის ეტაპების დაფინანსებისათვის გრანტის გამოყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები