„შესაძლოა, ალასანიამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული კონფრონტაცია დაიწყოს“

არასამთავრო ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული კონფრონტაცია დაიწყოს.
როგორც მჟავანაძე “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, მას ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს ალასანიას მიერ უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების უდანაშაულოებად გამოცხადება აფიქრებინებს.
მჟავანაძე აცხადებს, რომ ალასანიას ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ის პირები დაეხმარებიან, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე საჯარისო ნაწილებს ხელმძღვანელობენ.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მსგავსი შინაარსის განცხადებებით პროკურატურაზე პირდაპირ ზეწოლას ახორციელებს.
“როდესაც ირაკლი ალასანია გამოდის და აცხადებს, რომ მისი უწყების თანამშრომლები უდანაშაულოები არიან, – ეს წარმოადგენს აშკარა ზემოქმედებას პროკურატურაზე, მისი პოზიცია ქვეყნის ხელისუფლების დაუმორჩილებლობის გამოვლინებაა. თავდაცვის მინისტრი არ არის ადვოკატი, თუმცა ადვოკატის პოზიციიდან საუბრობს, როგორც ჩანს, ის სამართლებრივი სივრციდან გავიდა. მე არ გამიკვირდება, რომ პროცესების ამ სახით განვითარების შემთხვევაში მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. თუკი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრალეულება დამტკიცდა, ალასანია რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. არ გამოვრიცხავ, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფრონტაციაზე წავიდეს. ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში მას თავისუფლად დაეხმარებიან ის ადამიანები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებიდან მოყოლებული დღემდე ხელმძღვანელობენ საჯარისო ნაწილებს. ისინი დღემდე ბაჩო ახალაიას მეგობრები არიან. თავად ალასანიაც ახალაიას იდეოლოგიას იზიარებდა და იზიარებს დღემდე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყურადღება გაამახვილოს ამ ფაქტორებზე“,-განუცხადა “კვირას“ ნიკოლოზ მჟავანაძემ.

10743219_311741369032053_671918138_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები