ალექსი ბატიაშვილი “სილქნეტის” ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მივიდა. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ “სილქნეტის” ფინანსურ დირექტორი მისი ნათესავია. თუმცა მისივე განცხადებით, ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.
“მოწმის სახით ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, შეკითხვები აქვს პროკურატურას. მზად ვარ შეკითხვებს გავცე პასუხის”, – აღნიშნა ბატიაშვილმა.
პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კომპანია “სილქნეტის” ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. წიკლაურის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია “სილქნეტს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს ალექსი ბატიაშვილი აწერს.
“ამავე დროს, ალექსი ბატიაშვილი “სილქნეტის” ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. შესაბამისად, არსებობს გარკვეული კითხვები და ბუნებრივია, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ”, – აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და უარყო დაცვის მხარის მოთხოვნა – დაკავებული პირები გირაოს სახით გაეთავისუფლებინა. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები