თავდაცვის სამინისტრო მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფი საიდუმლოს მოხსნის თხოვნით პროკურატურას ხვალ მიმართავს

  თავდაცვის სამინისტრო მთავარ პროკურატურას, დაკავებული თანამშრომლების საქმესთან დაკავშირებული მასალების გადაცემასთან დაკავშირებით წერილით ხვალ მიმართავს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილობრივ განსაჯაროებას მოითხოვს.საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შესაბამისი ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს გაუგზავნა. წერილი უწყების კანცელარიას 29 ოქტომბერს ჩაბარდა. 31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები. აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტრო (გრიფის მიმნიჭებელი უწყება) მიმართავს საქართველოს პროკურატურას თხოვნით, გადაეცეს საქმის მასალები, შემდგომი დაბრუნების პირობით. იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა. შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები