“საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი; მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება” – მაჭავარიანი

“საგარეო საქმეთა სამინისტროში ჰერჩინსკის დაბარება რელევანტურია, ვინაიდან მას კითხვებზე პასუხები აქვს გასაცემი. მისი რიტორიკა უკვე ყოველგვარ სითავხედეს სცდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, მსგავსი განცხადების მიზანი მხოლოდ ერთია – “რადიკალურ ოპოზიციას რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვან”.

„აქამდე „ქართულ ოცნებას“ გვაკრიტიკებდა, ყველანაირ საზღვარს ცდებოდა, მიკერძოებული იყო და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტობრივად, ოპოზიციის აქტივისტად წარმოჩინდა. არჩევნების წინ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცა. ამ შემთხვევაში კი, ჰერჩინსკი მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრება. ძალიან საინტერესოა, რა პასუხს გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როდესაც ამბობს, თითქოს იმავე დროში დავბრუნდებით, სამოქალაქო ომის პერიოდსა და ბნელ წარსულში. ეს ძალიან თავხედური განცხადებაა. მოლოდინი არც მაქვს, რომ ამ ყველაფერს რაიმე ლოგიკურ ახსნა, ლოგიკური დასაბუთება ექნება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა პასუხს გასცემს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ჰერჩინსკის დაბარება უკავშირდებოდა რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები