ირაკლი ალასანია: ამ საქმეს გრიფი “საიდუმლო” მოეხსნას!

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს.
როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებამ დიდი დარტყმა მიიღო.
“ძალიან მნიშვნელოვანია, გრიფი “საიდუმლო” მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ რომ ამ ნაბიჯით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ უსაფრთხოების კუთხით. აქედან გამომდინარე, იმ რაღაც მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ ასე ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება წარიმართოს ღიად და გახსნილად”, – განაცხადა ალასანიამ.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.
ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან განთენიისას დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები