ირაკლი ალასანია: ჩემმა ბიჭებმა თავი სამართლებრივად დაცულად უნდა იგრძნონ

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი მისი უწყების დაკავებული მაღალჩონოსნების “სამართლებრივად დაჩაგვრის ელემენტებს” ხედავს- ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინაპირობა იმაში ჩანს, რომ “პროცესი დახურულად წარიმართა”.
“მე ახლა ვარ კონცენტრირებული, გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა თავი სამართლებრივად დაცულად იგრძნონ, ამიტომ, მე რა თქმა უნდა, მთელ ყურადღებას გადავიტან იმაზე, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად, ამის ელემენტები და წინაპირობები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი – დახურულად”, – განაცხადა ალასანიამ.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე 3 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.
ირაკლი ალასანია მიმდინარე კვირის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა. ის ბერლინიდან განთენიისას დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები