ლევან იზორია: კანონის დამტკიცების შეჩერება ხელს უშლის დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მან განაცხადა, აღნიშნული კანონის დამტკიცების შეჩერება ხელს უშლის დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას და აგრეთვე პრობლემებს შექმნის ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით.
“სამწუხაროდ დღევანდელი გადაწყვეტილებით გასაღები ჰაერშია გამოკიდებული, ანუ არავის არ აქვს ეს გასაღები. შესაბამისად, ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ხდება მთლიანად პარალიზება უსაფრთხოების სისტემისა. ეს არ ეხება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს ეხება თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის სასმახურს. ეს ეხება კრიმინალთან ბრძოლასთან ერთად უსაფრთხოების სისტემას. შესაბამისად, სულ ერთ თვის წინ, როდესაც გამოვავლინეთ ადამიანის გატაცების ფაქტი, სანქცირებული მოსმენის ფონზე მოხდა ეს. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ ამ ფონზე ამ ძალიან ეფექტიანი საშუალებით, რასაც ჰქვია “ფარული მიყურადება და მოსმენა” და რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში სწორედ ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ხვალიდან პრაქტიკულად გაურკვევლობაში და სამართლებრივი საფუძვლის და რეგულაციის მიღმა დარჩება. დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრობლემები იქმნება და ასევე უსაფრთხოების კუთხით პრობლემები იქნება,” – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს და მის საკანონმდებლო შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
პრეზიდენტის პროექტს ხმა 95-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი ერთი დეპუტატი წავიდა.
პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით და პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, ფარული მოსმენებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან – ე.წ. “გასაღებთან” დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების და დამტკიცების მიზნით პარლამენტს ერთთვიანი ვადა მიეცა – ბოლო თარიღი მიმდინარე წლის 1 დეკემბერია.
ამავე ვადით უხანგრძლივდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის კანონიერი უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები