აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 7 აპრილის საღამოს, საკუთარი ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ორ საათზე ნაკლები დროით ადრე გამოაცხადა.
იმავე დილით მან ირანი გააფრთხილა, რომ „მთელი ცივილიზაცია ღამით მოკვდებოდა“, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიდა.
თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიედ აბას არაღჩიმ ქვეყნის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მასში ნათქვამია, რომ თუ ირანზე თავდასხმები შეჩერდება, ირანის შეიარაღებული ძალები თავდაცვით ოპერაციებს შეწყვეტენ. გარდა ამისა, ირანის სამხედროებთან კოორდინაციით, ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება გემების უსაფრთხო გავლა ჰორმუზის სრუტეში.
ირანის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ომის დასასრულს არ ნიშნავს. „ჩვენი ხელები ისევ ჩახმახზეა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე საჰაერო თავდასხმების შეჩერების შესახებ მხარი დაუჭირა ისრაელმაც, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება ლიბანზე, სადაც ისრაელი “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ოპერაციებს აგრძელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, პაკისტანმა ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სწორედ პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფისა და ფელდმარშალ ასიმ მუნირის მოთხოვნით დათანხმდა ტრამპი დარტყმების შეჩერებას.
შარიფმა შეთანხმება გამოაცხადა და მას ორივე მხარის „შესანიშნავი სიბრძნის“ შედეგი უწოდა. მან აშშ-ისა და ირანის დელეგაციები 10 აპრილს ისლამაბადში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მიიწვია.
Axios-ის წყაროების ცნობით, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, სავარაუდოდ, 10 აპრილს ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ამერიკულ დელეგაციას უხელმძღვანელებს. ირანის ეროვნული უშიშროების საბჭომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ორ კვირაზე მეტი ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობა დაუშვა, თუ მოლაპარაკებები წარმატებით წარიმართება.
შეგახსენებთ, ომი შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს.