ეუთო-ში საქართველოს წარმომადგენელმა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის ქმედებების დაგმობის თხოვნით მიმართა

ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისა და რუსეთის ქმედებების დაგმობის თხოვნით მიმართა, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და ე.წ. ხელშეკრულებაზე ხელმოწერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის შეთავაზებულ ე.წ. “მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებასთან” დაკავშირებით ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა ოფიციალური განცხადებით მიმართა. უწყების ინფორმაციით, ზალდასტანიშვლმა თავის გამოსვლაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული ე.წ. “ხელშეკრულების” ხელმოწერის შემთხვევაში წარმოქმნილი დამატებითი საფრთხეების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხსენებული ნაბიჯი, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილის, აფხაზეთის ღია და უკანონო ანექსიის მცდელობას წარმოადგენს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან და სირთულეებს შეუქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული ქმედება კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მთლიანად რეგიონში და საფრთხეს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ელჩმა ზალდასტანიშვილმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთმა შესძლო ამ ე.წ. “შეთანხმების” ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმება, იგი ამით ნამდვილად არ შემოიფარგლება და ანალოგიურ ქმედებას ცხინვალის რეგიონის მიმართებაშიც განახორციელებს. ქართველმა დიპლომატმა საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისა და რუსეთის ქმედებების დაგმობის თხოვნით მიმართა, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და ე.წ. “ხელშეკრულებაზე” ხელმოწერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (რომელსაც მიუერთდა ისლანდია, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა), ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და ნორვეგიის მუდმივმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც მკაცრად გააკრიტიკეს რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ინიცირების ფაქტი და აღნიშნეს, რომ რუსეთის ეს ქმედება ხელს შეუშლის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას. მათ მოუწოდეს რუსულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულოს საერთაშორისო, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათ ასევე აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მოქმედების არეალის საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე გავრცელების აუცილებლობა და ხაზი გაუსვეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის მნიშვნელობას. გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება, საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო სამხედრო და უსაფრთხოების ძალების და სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების გამო. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ა.წ. 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაცია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები