საქართველოს ტერიტორიის სხვისთვის გადაცემა – არასამთავრობოების სარჩელი სააკაშვილის წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებადამცველთა გაერთიანება, ახალგაზრდული ცენტრი და “თავისუფალი თაობა” მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული მუხლი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას და ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებას.
“ვფიქრობ, რომ გამოძიებამ შესაძლოა გამოკვეთოს მტკიცებულებები სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ საქართველოს ტერიტორიების უცხო ქვეყნისთვის გადაცემის შესახებ, ვინაიდან უამრავი სამხედრო მისცემს ჩვენებას თუ რა ხდებოდა რეალურად 2008 წლის აგვისტოში და რომ ეს იყო გამიზნული ქმედება მიმართული სწორედ ქართული ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემისკენ”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მათივე თქმით, 2008 წლის შემდგომ რუსეთის მიერ სრულად იქნა ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიები, რასაც წინ უძღოდა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მაღალი თანამდებობის პირების გამიზნული ქმედებები, რომ პროცესები სწორედ იმ სცენარით განვითარებულიყო, რომელიც შემდგომში ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევდა. მათივე თქმით, არაერთი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება ჩაება იმ ავანტიურაში, რომლის შედეგადაც დაკარგული იქნა ტერიტორიების 20%.
“თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ მაღალმა თანამდებობის პირებმა ომის შემსწავლელი საკითხების კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ შეიარაღებული ძალები, ფაქტობრივად, უხელმძღვანელოდ დარჩნენ ომის პერიოდში, რადგან მითითებები გაიცემოდა არა საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობის მხრიდან, ქალაქის მერის გიგი უგულავას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის და სხვა იმ პირების მიერ, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ სამხედრო საქმესთან. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ არაკოორდინირებული მოქმედებების შედეგად თოფის გასროლის გარეშე მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, სადაც დატოვებული იქნა დიდძალი შეიარაღება, ბრძოლის ველზე იქნენ მიტოვებული ხელმძღვანელების გარეშე დარჩენილი რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ სასტიკად ნაცემი ჯარისკაცები. ტალიავინის კომისიამ მნიშვნელოვანი მასალები დადო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკმაოდ სერიოზული დანაშაულებრივი შეცდომა დაუშვა ომის პერიოდში. ამ ომის შედეგად საქართველომ სერიოზული დარტყმა მიიღო, დაიკარგა ტერიტორიები, დახოცილი იქნა უამრავი საქართველოს მოქალაქე და ბრძოლის ველზე დატოვეს დიდძალი შეიარაღება”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათივე განცხადებით, ბევრი ფაქტორი ადასტურებს ომის პერიოდში გარკვეულ ურთიერთკავშირს რუს ოკუპანტებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. “რუსულ გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გივი თარგამაძემ რუსებს უთხრა, გორს რადგან ბომბავთ, სტალინის ძეგლთანაც ჩამოაგდეთ ბომბები, ან ძეგლის აღებაში მაინც დაგვეხმარეთო. საინტერესოა, თუკი არ იყო კავშირი რუს სამხედროებსა და ქართველ მაღალჩინოსნებს შორის, რით უნდა აიხსნას შეთანხმებები იმის თაობაზე, თუ საქართველოს რომელ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო ბომბების ჩამოყრა. ამასთან, ერთად როგორ მოხდა ის, რომ რუსებს ხელში ჩაუვარდათ იმ სტრატეგიული ობიექტების მონაცემები, რომლებზეც მათ უნდა განეხორციელებინათ თავდასხმები. მიგვაჩნია, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, რის შედეგადაც სავარაუდოდ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობების პირების მიმართ”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები