პრეზიდენტის ადმინისტრაცია მარგველაშვილის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს “ელექტროული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში გუშინ განხორციელებულ ცვლილებზე ვეტოს დადების მიზეზებს განმარტავს.
აქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად “გონივრულ ვადად” არაუგვიანეს 2014 წლის 1-ელ დეკემბერს ასახელებს.
“საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, შენიშვნებით გიბრუნებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ოქტომბერს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონში (N2637-რს) ცვლილების შეტანას, რაც გულისხმობს ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის – 2014 წლის 1 ნოემბრის 2015 წლის 28 თებერვლამდე გადაწევას.

ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს 2014 წლის 1 ნოემბრამდე უნდა უზრუნველეყო იმ საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც უნდა განისაზღვროს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმს.

შესაბამისად, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს შეუნარჩუნდა უფლება:

ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;

ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

მიგვაჩნია, რომ:

  1. 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2014 წლის 1 აგვისტოს განხორციელებულ ცვლილებებს დადებითი შეფასება მოყვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან,  ფარული მიყურადება უნდა განხორციელდეს მაშინ, როდესაც ეს არის აუცილებელი, შესაბამისი და პროპორციული საშუალება ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. ამგვარ ლეგიტიმურ მიზნებად მიჩნეულ იქნა ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილება და სხვ. გარდა ამისა, განისაზღვრა იმ დანაშაულებრივ შემთხვევათა კატეგორიები, რომელთა მიმართაც დასაშვებია ფარული ღონისძიებების განხორციელება. ასევე, ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც შესაძლებელია ფარული მიყურადების განხორციელება: ასეთებად მიჩნეულ იქნენ პირები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან დანაშაულთან, ან რომელთაც პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს კომუნიკაციის განსახორციელებლად. გარდა ამისა, დაწესდა შეტყობინების პრინციპის დაცვის ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული ღონისძიება განხორციელდება, ამის თაობაზე უნდა ეცნობოს და განემარტოს გასაჩივრების უფლებაც.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონის (N2637-რს) შესაბამისად დაწესდა, რომ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ კანონით განსაზღვრულ მონაცემებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, შესაბამის საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ ორგანოს გადასცემს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტი.

ამავე ცვლილებებით, ზემოაღნიშნულ პროცესში ჩაბმულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. კერძოდ, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს დაეკისრათ ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი კანონით განსაზღვრული მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის გადაცემის აღრიცხვისა და შესაბამისი ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდების ვალდებულება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებზე საგამოძიებო ორგანოების პირდაპირ წვდომას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე (სხდომის ოქმი N126, 01/08/2014) შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან დაკომპლექტდა. ხსენებულ ჯგუფს უნდა მოემზადებინა რეგულაციები, რომელთა მიღება საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელდებოდა მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე.

თუმცა, 2014 წლის 1 აგვისტოს ცვლილებების პარალელურად, იმავე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონის (N2637-რს) შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება 2014 წლის 1 ნოემბრამდე  შეუნარჩუნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საქართველოს პარლამენტს დაევალა ამავე ვადაში – 2014 წლის 1 ნოემბრამდე – უზრუნველეყო შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება უნარჩუნდება 2015 წლის 28 თებერვლამდე, ხოლო საქართველოს პარლამენტს – შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღების ვალდებულება გადაუვადდება ამავე ვადით.

საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის დღეს დადგენილი წესი  არ შეესაბამება დემოკრატიულ სოციუმში დადგენილ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტს და არ არის დაცული თანაზომიერი ბალანსი, ერთი მხრივ, ეროვნული უშიშროებისა თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესსა და, მეორე მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფუნდამენტური უფლების დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს შორის. გარდა ამისა, არის კონსენსუსი იმის თაობაზეც, რომ ქვეყანაში უნდა დაინერგოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის იმგვარი წესი, რომელიც დააკმაყოფილებს უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დღეს არსებული საშუალებებით არის შესაძლებელი, რათა ის უფრო მეტად დაუახლოვდეს ანალოგიურ ევროპულ გამოცდილებასა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.

  1. 2. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. ხსენებულ უფლებას ფართო და მრავალმხრივი შინაარსი აქვს, იგი უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლითაა დაცული.

საქართველოს კონსტიტუცის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ისეთი სიკეთეების ხელშეუხებლობას, როგორებიცაა ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებით, ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინება. ჩამონათვალი ნათლად მიუთითებს, რომ საუბარია ადამიანის იზოლირებულ სფეროზე. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოს მოქალაქეები – დავით სართანიადა ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა დასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ მიღებულ განჩინებაში განაცხადა: პირადი ცხოვრების… უფლების ჩამოყალიბების პერიოდში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად ასოცირდებოდა ინდივიდის იზოლირებულ სფეროსთან, რაც გამოხატულებას პოვებდა გარკვეულ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში: სახლის, ოჯახის და შეტყობინებების საიდუმლოების დაცვაში“. ამგვარი სტრუქტურების რიცხვი თანდათან გაიზარდა (ტელეკომუნიკაციები, პერსონალური მონაცემების დაცვა, ა.შ).“

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტი. ეს უკანასკნელი აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა. პოზიტიური ვალდებულება კი სახელმწიფოსაგან ითხოვს, უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტიანი სარგებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაცია და საქართველოს მოქალაქე  ეკატერინე ლომთათიძესაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განაცხადა: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ამავე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულებები: ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემშლელი გარემოებების, შეზღუდვების უგულებელყოფას, აღკვეთას. მეორე მხრივ, სახელმწიფოს აქვს ნეგატიური ვალდებულება, არ ჩაერიოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული უფლებებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა, მის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ან თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან“.

სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ადამიანის უფლებათა ეფექტიან დაცვას. ამ საჯარო ინტერესის უზრუნველყოფას ემსახურება ადამიანის პირადი ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა. თუმცა, უფლებაში ჩარევის გამართლებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ  ხსენებული საჯარო ინტერესის არსებობა, ამ საჯარო ინტერესის მისაღწევად პირადი ხელშეუხებლობის უფლების ფარგლებში ჩარევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ რეალური და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი და პროპორციული ბალანსის დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს მოქალაქეები  დავითჯიმშელეიშვილიტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილისაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ აღნიშნავს: ,,თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა“.

ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა განსაკუთრებული სამართლებრივი კატეგორიაა, მასში ჩარევის ფარგლების განსაზღვრით ხელისუფლება ერთგვარად დემოკრატიული და პოლიციური სახელმწიფოების ზღვარს ადგენს, რადგან საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ღირებულების – ადამიანის კერძო, პრივატული სფეროს დაცულობას ეხება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. მისი კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია კი ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში. „პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე საქართველოსმოქალაქეები – დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილისაქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციისსამინისტროს წინააღმდეგ).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დასაქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტისწინააღმდეგ მიუთითებს, რომ „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან განსხვავებით ახასიათებს ფარული ბუნება, მათ დიდ ნაწილს საზოგადოება საერთოდ ვერ ხედავს და, შესაბამისად, ვერ აკონტროლებს. ამ ფონზე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფლებაში არათანაზომიერი ჩარევის ცდუნება და რისკი სხვა შემთხვევებთან შედარებით მაღალია. ნეიტრალური პირის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების გაკონტროლება ამცირებს თვითნებობის რისკებს და წარმოადგენს კანონის სწორი გამოყენების მნიშვნელოვან გარანტიას“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით აღიარებულ ძირითად უფლებებს განამტკიცებს არაერთი საერთაშორისოსამართლებრივი აქტი, რომელთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გაეროს პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.

გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლის თანახმად, „არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან“.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი ადგენს, რომ „არავინ არ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებლის შეუვალობის ან მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან“.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად კი, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის გამოძიების მიზნებისათვის სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული თვალთვალი, მიყურადება და სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონაცემებზე წვდომა განხორციელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ჯეროვან გარანტიებს ხელისუფლების ორგანოების მიერ უფლებამოსილების ბოროტად ან თვითნებურად გამოყენების წინააღმდეგ (კლასი დასხვები გერმანიის წინააღმდეგლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ). ამ სტანდარტთან შესაბამისობის მიზნით, მიზანშეწონილია კანონმდებლობის დახვეწა, დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კონტროლის მექანიზმის შექმნა, რაც უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს შორის (პერსონალურ მონაცემთა დაცვისინსპექტორის 2014 წლის 1 მარტის ანგარიში – „პერსონალურ მონაცემთადაცვის მდგომარეობა საქართველოში).

ზემოხსენებული არგუმენტების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სრულყოფილი რეალიზება და მისი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში.

  1. 3. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონით (N2637-რს)  დადგენილი ნოვაციების ამოქმედების გადავადება, იდენტური საფუძვლით – ვერ მოხერხდა გარკვეული რეგულაციების მიღება, – ხდება მეორედ. პირველად ეს განხორციელდა თავად კანონის მიღებისას, 2014 წლის 1 აგვისტოს და გადავადება დაუკავშირდა 2014 წლის 1 ნოემბრამდე გარკვეული რეგულაციების მიღების აუცილებლობას, ხოლო მეორედ – წარმოდგენილი კანონპროექტით, იმავე რეგულაციების მიღების აუცილებლობის დასაბუთებით, 2015 წლის 28 თებერვლამდე. საკანონმდებლო ნორმების ამოქმედებისადმი ამგვარი მიდგომა კი, თავის მხრივ, გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ კანონის ნორმების გადავადებას პერმანენტული ხანგრძლივი ხასიათი მიეცა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებაშისაქართველოსმოქალაქეები – დავითსილაგაძელიანა დარსანია და ეკატერინე წოწონავა საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ მიუთითებს, რომ „მართალია კანონმდებელს უფლება აქვს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შეაჩეროს ნორმატიული აქტის მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა ღებულობდეს უსასრულოდ პერმანენტულ ხასიათს და არ უნდა იქცეს კანონის ამოქმედების პრინციპად. კანონის მოქმედებისადმი ასეთი დამოკიდებულება … უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლების რეალიზაცია, არამედ თვით ამ უფლების არსებობაც. ასეთ ვითარებაში უფლებები ფიქტიურ ხასიათს იძენენ და შინაარსგამოცლილი ხდებიან. …ნებისმიერი კანონის მოქმედების უსაფუძვლოდ გაუთავებელი შეჩერება-გადავადება ბღალავს კანონის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებაში ამკვიდრებს განუკითხაობის შეგრძნებას… ყოველივე აღნიშნული მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნორმატიული აქტის მიღებისას კანონმდებელი ვალდებულია სწორად განსაზღვროს მისი მოქმედების სავარაუდო შედეგები. კანონმდებლის პროგნოზი ამ თვალსაზრისით უნდა იყოს დასაბუთებული და გამართლებული, რათა ადგილი არ ჰქონდეს კანონის ამოქმედების ხშირად გადავადებას და ადამიანის უფლებათა მარტოოდენ დეკლარირებას. კანონმდებლის მხრიდან საკანონმდებლო პროცესისადმი ასეთი დამოკიდებულება მიჩნეულ უნდა იქნეს მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ვალდებულებად.“
  2. 4. შესაბამისად, მოყვანილი არგუმენტაციიდან და თავად საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებითაც, რომ გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა და მომზადებულ იქნა საექსპერტო დასკვნები ევროპელი სპეციალისტების მიერ, სადაც დაფიქსირებულია უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების მეშვეობით განხორციელებულ კომუნიკაციასთან სამართალდამცავი ორგანოების პირდაპირ წვდომასთან მიმართებით, ხსენებულ თემაზე მომზადდა საკანონდებლო წინადადებები,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონით (N2637-რს) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია განისაზღვროს გონივრული ვადა – არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა. ამასთან, ახალი რეგულაციების მიღების ვადის 2014 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვრის შემთხვევაში, მათი ამოქმედებაც ასევე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს“-აღნიშნულია აქტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები