ნინო ცხვარაძე: თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას, ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის

ბათუმის საკრებულოში „ხალხის ძალის” ფრაქციის თავმჯდომარემ – ნინო ცხვარაძემ, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართ ოპოზიციურ მედიებს. ცხვარაძემ განაცხადა, რომ გარკვეული მედია საშუალებები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა წევრების მიმართ მორალური ზეწოლის წახალისებას. ნინო ცხვარაძე გამოეხმაურა ოპოზიციური მედიის მიერ ვაშინგტონში, თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლის გაშუქებასაც:

„როდესაც მედია ოფიციალური ვიზიტის შინაარსს ადამიანურ მღელვარებაზე თავდასხმით ანაცვლებს, ეს აღარ არის ჟურნალისტიკა — ეს მანიპულაციაა. მიზანი ერთია, ხალხმა განიკითხოს ქალი და დედა, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც ქვეყნის სახელით კეთდება” – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ნინო ცხვარაძემ ოპოზიციურ მედიებს მოუწოდა, შეწყვიტონ ფატებით მანიპულირება და გადაამოწმონ წყაროები.

„ფრაქცია „ხალხის ძალის” სახელით მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და გარკვეული მედიასაშუალებების მიერ ატეხილ აჟიოტაჟს, რაც „ჭიქაში ქარიშხლის” კლასიკური ნიმუშია. საკრებულოს თავმჯდომარის თუ ნებისმიერი საჯარო მოხელის სატელეფონო ხარჯების განხილვა, სანამ მას „სკანდალად” შეფუთავდით, სამართლებრივი ჩარჩოების ცოდნას მოითხოვს. ნებისმიერი უწყების ბიუჯეტი და მისი განკარგვა რეგულირდება კანონმდებლობით, დადგენილი ლიმიტებითა და ფუნქციური საჭიროებებით. იაფფასიანი ინტერპრეტაცია, რომ ეს „პირადი ფუფუნებაა”, მხოლოდ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს.

გადაამოწმეთ წყაროს წყარო. პროფესიული ჟურნალისტიკა იწყება იქ, სადაც მთავრდება ზედაპირულობა. სტრუქტურულ ჯაჭვში სხვადასხვა უწყების ბიუჯეტის მართვის გაცნობის გარეშე, ნებისმიერი ინფორმაცია ხდება დეზინფორმაცია. „მოხრიკო” ხასიათის მატარებელი ნიუსები მხოლოდ დროებით რეიტინგს გმატებთ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ანგრევს საზოგადოების ნდობას მედიის მიმართ.

პატივი ეცით საზოგადოებას, რომელიც იმსახურებს სრულფასოვან, არგუმენტირებულ და ანალიტიკურ ინფორმაციას და არა მანიპულაციურ „შეფუთვებს”. ნუ ეცდებით ხალხის შეცდომაში შეყვანას და საკრებულოს, მისი თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირებზე მიზანმიმართულად მორალური ზეწოლის წახალისებას კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციფრებით.

ამ სიცრუის პარალელურად, ვხედავთ კიდევ უფრო საგანგაშო ტენდენციას. მაშინ, როდესაც ვაშინგტონში, შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით გაიმართა მასშტაბური გლობალური სამიტი – „ერთად უკეთესი მომავლისთვის”, რომელშიც 45 ქვეყნის ლიდერის მეუღლე მონაწილეობდა, ქართული მედიის ნაწილი სრული კადრებიდან კვლავ იმ მცირე მონაკვეთს გლეჯდა, სადაც ადამიანური მღელვარება ჩანს .სანამ თქვენ ამ კადრებით იკვებებოდით და პირველ ლედიზე არნახული ბულინგით ტკბებოდით, სამიტზე განიხილებოდა ისეთი უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიცაა: ოჯახური ფასეულობების განსაკუთრებული როლი და ოჯახური ჯანმრთელობის საკითხები; საქართველოს კულტურული იდენტობის წარმოჩენა, რაზეც „ოჯახების მსოფლიო კონგრესის” პრეზიდენტმაც კი აღნიშნა, რომ ამერიკელები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას.

აქვე ვიკითხავ: სად არის აქ ქალისადმი პატივისცემა? სად არის სახელმწიფო ინსტიტუციების დაფასება? პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, მრავალშვილიანი დედა და, უბრალოდ, ქალი — მედიამ „სახრავ ობიექტად” აქციეთ, რათა საზოგადოებას მორიგი ნეგატიური საკვები მიაწოდოთ და აიძულოთ, განიკითხონ ადამიანი ბუნებრივი ემოციის გამო.

სენსაციების დევნაში დაკარგეთ პროფესიული სახე.

როდესაც მედია ოფიციალური ვიზიტის შინაარსს ადამიანურ მღელვარებაზე თავდასხმით ანაცვლებს, ეს აღარ არის ჟურნალისტიკა — ეს მანიპულაციაა. მიზანი ერთია, ხალხმა განიკითხოს ქალი და დედა, ნაცვლად იმისა, რომ დაინახოს ის სახელმწიფოებრივი საქმე, რომელიც ქვეყნის სახელით კეთდება.

ნუ დაიყვანთ საზოგადოებას იაფფასიანი „მოხრიკო” ხასიათის ინფორმაციის საზომამდე. თავისუფალი მედია ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა ფაქტებით მანიპულირებას. ისწავლეთ წყაროს გადამოწმება და ნუ აკადრებთ საზოგადოებას იმას, რაც პროფესიულ და მორალურ სტანდარტებთან ახლოსაც არ არის” – განაცხადა ნინო ცხვარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები