„ასეთი დარი თუ იყო მაშინ“? – ანა კალანდაძის ხსოვნის დღე
11 მარტი პოეტ ანა კალანდაძის გარდაცვალების დღეა.მისი გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა.
ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.
1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.
გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ასეთი დარი თუ იყო მაშინ?
……
მზემ აიწია ფეხის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე
ხმალშემართული ნარის ციხესთან…
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა…
ასეთი დარი თუ იყო მაშინ,
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?
ანა კალანდაძე