ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნეს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მენეჯმენტის სკოლის FIM სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა – ერეკლე ბერიძემ, ლიზი არეშიძემ და თეიმურაზ ფხაკაძემ – ტექნოლოგიური სტარტაპი SilkRoute AI დააფუძნეს. წარმატებულ სტუდენტურ სტარტაპს უკვე ჰყავს საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორი, წამყვანი ესპანური კომპანია – NatureBrain.
აღსანიშნავია, რომ NatureBrain-ის დამფუძნებლები, KIU-ს მოწვეულ ლექტორსა და ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ ლუის სეკოსთან ერთად, დარგის აღიარებული ლიდერები – მიგელ ანხელ გარსია და რუბენ მონტერო არიან. ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველო NatureBrain-ის გლობალურ სისტემაში ტექნოლოგიურ ჰაბად ოფიციალურად მოინიშნა.
პროექტი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებას, ბუნებრივი რესურსების მართვასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ოპტიმიზაციას.
SilkRoute AI-ს მიერ შესრულებული სამუშაო ისეთ კომპლექსურ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: გეოსივრცული და სატელიტური მონაცემების ავტომატური დამუშავება; ხელოვნური ინტელექტის (Deep Learning) მოდელების შექმნა; ანალიტიკის დანერგვა კლიმატური რისკების მონიტორინგისთვის.
ეკოლოგიური მონაცემების დამუშავების მიზნით, SilkRoute AI-ს გუნდი მუშაობს რთულ ალგორითმზე, რომელიც ეფუძნება ბუნებრივი კაპიტალის დაცვისთვის საჭირო ტექნოლოგიურ არქიტექტურას. კომპანიის მთავარი მისიაა საქართველოსა და საერთაშორისო ბაზრებს (კერძოდ, ევროპასა და ჩინეთს) შორის ტექნოლოგიური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
„სტარტაპის განვითარება ეყრდნობა KIU-ში მიღებულ აკადემიურ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის შანხაის AI კონფერენციასა (WAIC 2025) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) გამართულ სამუშაო შეხვედრებს. SilkRoute AI-ს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორ აკადემიურ საფუძველზე დაშენებულ ჩვენს ინიციატივას აქვს რესურსი, წარმატებით ჩაერთოს გლობალურ ეკოსისტემაში და ამასთანავე, საერთაშორისო პარტნიორებს შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებები,“ – აცხადებენ სტარტაპის ავტორები, KIU-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების როგორც პროფესიული, ისე პიროვნული განვითარება. KIU-ს სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებშიც. სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას.