თენგიზ შარმანაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს
“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რაიმეს შესწავლა თუ უნდა, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ ისინი არსებულ რეალობას საღად შეაფასებენ.
„მთავარი კითხვაა, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში? ჩამოსვლა თუ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ შეუერთდნენ ყალბ ნარატივებს, რომელიც ევრობიუროკრატიისგან მოდის – ევრობიუროკრატია პოლიტიკური გავლენით გაცილებით ძლიერია და ტყუილი ნარატივის გამო მათ წინაშე ქედი არ მოვიხარეთ. ახლა ეუთო-ს რაღაც დასკვნის გამო საქართველოს საზიანოდ არანაირ ნაბიჯს არ გადავდგამთ. რაიმეს შესწავლა თუ უნდათ, მზად ვართ, არაფერი დასამალი არ გვაქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, ხუთი რევოლუციის მცდელობა არ იყო უბრალო მიტინგები და დემონსტრაციები, ეს იყო ცეცხლის გაჩენა პარლამენტის შენობაში, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებისთვის და პრეზიდენტის სასახლის აღებისკენ მოწოდება. ეს ადამიანები ოპოზიციას ისე თუ დაელაპარაკებიან, რომ ისინი დემოკრატიისათვის მშვიდობიანი მეთოდებით მებრძოლები არიან, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა. ობიექტურები უნდა იყვნენ. მათ არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ ძალადობრივი მეთოდები მიუღებელია. განცხადება რომ გაეკეთებინათ, ოპოზიციის მხრიდან ძალადობა მიუღებელია და ამ ნაწილში ხელისუფლებამაც თავის ნაბიჯებს უნდა გადახედოსო, მაშინ ობიექტურობის შთაბეჭდილება დაგვრჩებოდა. თვალები დაიბრმავო, ხელები აიფარო და არ დაინახო, რა ხდებოდა საქართველოში, ასე კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ობიექტურობისკენ გადაიხრებიან და არსებულ რეალობას საღად შეაფასებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.