“თინა ხიდაშელმა და სხვებმა რაც გააკეთეს, პირდაპირ დარტყმები იყო საქართველოს წინააღმდეგ – რაც უბრძანეს, ის ნაბიჯები გადადგეს, ეს არის დიდი ტრაგედია” – შარმანაშვილი
“თინა ხიდაშელმა და სხვებმა რაც გააკეთეს, პირდაპირ დარტყმები იყო საქართველოს წინააღმდეგ – რაც უბრძანეს, ის ნაბიჯები გადადგეს, ეს არის დიდი ტრაგედია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “აგენტი აგენტია”.
„გლობალურ ომის პარტიაზე როცა ვსაუბრობდით, ქირქილებდნენ, ასეთი რამე არ არსებობსო. ეს ადამიანები თავის ჩანაფიქრს ყოველ დღე ყიდიან. ის, რაც თინა ხიდაშელმა და სხვებმა გააკეთეს, პირდაპირ დარტყმები იყო საქართველოს წინააღმდეგ ამ ომის ქარ-ცეცხლში. გამოუცდელები არ არიან, რომ ეს ყველაფერი გამოცდილების ნაკლებობით მოსვლოდათ. ძალიან კარგად გააზრებული ნაბიჯები გადადგეს, რაც უბრძანეს. როგორც მორჩილები, ამ ყველაფერს აღასრულებენ. ეს არის დიდი ტრაგედია. თინა ხიდაშელი გუშინწინდელ ნათქვამზე ამბობს, არ მითქვამსო. ტუტანჰამონის დროინდელ საკითხებზე კი არ ვსაუბრობთ, ან ასე იყო, ან ისე. მის განცხადებას ყოველ დღე აშუქებენ და იქვეა, მისი დაზუსტება, ეს არ მითქვამსო. ასეთი თავხედობა არ მინახავს, ყველა აგენტი ასეთ მდგომარეობაში ჩავარდება, როცა ასე მოიქცევა. სიმართლე უნდა ითქვას, პრინციპული აგენტი გინახავთ? – აგენტი აგენტია. რაც დაავალეს, ის თქვეს და ახლა სიტუაციიდან გამოძრომას ცდილობენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს“.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.
გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.