“ვაშინგტონში ყველა შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„მე შეჯამების სახით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შეხვედრა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ძალიან კონსტრუქციულ, მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრებზე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში და ომის დეპარტამენტში. ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ოპტიმიზმის საფუძველი, თუმცა ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ის საკითხები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სამუშაო პროცესს. ამ ყველაფერს, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ურთიერთობების საბოლოო გადატვირთვამდე და გაჯანსაღებამდე, სჭირდება სამუშაო პროცესში გადაყვანა და მე დარწმუნებული ვარ, ეს სამუშაო პროცესი ძალიან მალე დაიწყება,” – განაცხადა სამხარაძემ.