“ჩვენ დიდი ხანია, ვადევნებთ თვალს ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და როდესაც რაიმე ცხელი თემა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინვე ბრალდება საქართველოს ხელისუფლებას”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
ის სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.
„ჩვენ გვახსოვს რუსეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც პირველი დღეები იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის. გვახსოვს განცხადებები, რომ თითქოს, საქართველო ეხმარებოდა რუსეთს და ლამის ისიც დაგვაბრალეს, რომ შეიარაღებასაც ვაწვდიდით რუსეთს და რუსეთის მხარეს ვიბრძოდით უკრაინის ომში. ეს ბრალდებები ყველას გვახსოვს. ახლა ცხელი თემა არის ირანი და შესაბამისად, ოპოზიციამაც არ დააყოვნა. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღწვის და ირანის სასარგებლო ღონისძიებებს ატარებს. ხვალ შეიძლება, ეს იყოს ვენესუელა და თქვან, რომ თუ ვენესუელა გახდება ცხელი თემა, საქართველოს ხელისუფლება ვენესუელის ხელისუფლებას ეხმარება. ამიტომ ეს არის არა მხოლოდ უტიფრობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა, არამედ ეს ტენდენცია ისტორიულ ჭრილშიც უნდა დავინახოთ. უნდა გადავხედოთ მოვლენებს და მივხვდეთ, რომ ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე საკუთარი, ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი წინ წამოწიოს არა საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ უცხოელების თვალში, რათა საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნას იმიჯური პრობლემები. ყველამ ძალიან კარგად იცის, და გუშინ თვითონვე აღიარეს, 24 საათიც არ დასჭირდათ ამ ინფორმაციისთვის, რომ არანაირი ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ.
აღნიშნულის ფარგლებში, გამოძიება სსკ-ის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.