შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რათა შექმნან სხვადასხვა საბაბი საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის
“ვხედავთ ჩვენ ქართველ ყორღანაშვილებს, რომლებიც პირდაპირ თანამშრომლობენ უცხო ძალებთან იმისთვის, რომ შექმნან სხვადასხვა საბაბი საქართველოზე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველაფერი ხელისგულზე დევს.
„ხელისგულზე დევს რასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული მეთოდი ჰიბრიდული ომისა. პირდაპირ გაწერილია სახელმძღვანელოებში როგორ იქმნება ყალბი კვაზი მეცნიერული ნაშრომები, ე.წ. კვლევები. პირდაპირ არის ნაბიჯებად გაწერილი, რომ იქმნება ჯერ ყალბი კვლევა, რომლის ტირაჟირება ხდება შემდეგ მედიის მხრიდან, შემდეგ ხდება ამაზე გამოხმაურება და ამით იქმნება აღქმა გარკვეულ ქვეყანასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში საქართველოს წინააღმდეგ გვაქვს პირდაპირი საინფორმაციო ომი, რომლის მონაწილეებად ისახებიან უცხოეთიდან დაფინანსებული აქტორები. ჩვენ ვხედავთ ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებულ თინა ხიდაშელს, რომელსაც გამოკვეთილი ანტიქართული დღის წესრიგი აქვს, ცდილობს დაასუსტოს ჩვენი ქვეყანა, ცდილობს გარე ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე პოლიტიკური თუ სხვა სახის თავდასხმისა. ვხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც ასევე უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანია. ყველა კრიტიკულ მომენტში ის არის ხოლმე პირველი ადამიანი, რომელიც ცდილობს დაბნეულობის შემოტანას საზოგადოებაში, ცდილობს გარედან დარტყმის ობიექტად აქციოს საქართველო. შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი არის ის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს როდესაც უვიზო მიმოსვლას გვაძლევდნენ, მაშინ დარბოდა დერეფნიდან დერეფანში და ცდილობდა მაშინ, რომ ჩაეშალა ეს პროცესი. შეგახსენებთ სამების ტაძარში ხატთან დაკავშირებულ სკანდალს, გიორგი კანდელაკი იყო, რომელიც არაფრისგან შეეცადა სკანდალი შეექმნა. ჩანს, იკვეთება, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რათა უცხო ძალებს შეუქმნას საბაბები საქართველოზე თავდასხმისა. ასე, რომ ეს ლუსტრაციაა. ეკა გიგაური, ესტონელი „ენჯეოშნიკი“, რომელიც ზუსტად ამას აკეთებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.